საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 2020 წლის 4 აპრილს დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს სულ 9 617 ადამიანი ემსხვერპლა.
„პუბლიკამ“ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია – 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის ოქტომბრის ჩათვლით, ვირუსით გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრებმა ან ინტერესების დამცველებმა რამდენ შემთხვევაში მიმართეს ჯანდაცვის სამინისტროს გარდაცვალების მიზეზების, სამედიცინო პერსონალის გულგრილობის, დაგვიანებული სამედიცინო ჩარევისა თუ სხვა ტიპის საქმის შესწავლის მოთხოვნით;
„პუბლიკა“ დაინტერესდა, რამდენი ასეთი განაცხადი/საჩივარი განიხილა და შეისწავლა სამინისტროს შესაბამისმა დეპარტამენტმა, რამდენი გადამისამართდა რეგულირების სააგენტოში, რამდენი საქმე წავიდა პროკურატურაში. ასევე, რა შემთხვევებს ეხებოდა ეს საქმეები. ჯანდაცვის სამინისტრომ „პუბლიკის“ განცხადება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში გადაამისამართა.
სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის 1 აპრილიდან დღემდე რეგულირების სააგენტოში COVID -19-ით გამოწვეული დაავადებით გარდაცვლილი პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესწავლა დაიწყო სულ 30 პაციენტის შემთხვევაში.
„ამჟამად, შესწავლა დასრულებულია 2 პაციენტის შემთხვევაში. აღნიშნული 2 შემთხვევის შესწავლის შედეგად არ გამოვლენილა საექიმო შეცდომები, რომლებიც გამოიწვევდა ექიმ (ებ)ის მიმართ პროფესიული პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებას. დარჩენილი 28 პაციენტის შემთხვევის შესწავლა ამ ეტაპზე მიმდინარეობს და ჯერ არ დასრულებულა.
ამასთან, გაცნობებთ, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს covid-19-ით გამოწვეული დაავადებით გარდაცვლილი პაციენტების ზემოაღნიშნული შემთხვევებიდან საქართველოს პროკურატურისთვის ამ ეტაპზე არცერთი შემთხვევა არ გადაუცია“, – ნათქვამია სააგენტოს წერილში. რას ეხება კონკრეტულად ეს საქმეები, დეტალური ინფორმაცია რეგულირების სააგენტოს „პუბლიკისთვის“ არ მოუწოდებია.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 411 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და გარდაიცვალა კიდევ 29 ადამიანი.