ცვლილებები არ ეხება მედიას და ტელევიზიებს – GNCC-ის განმარტება ინიცირებულ კანონპროექტზე

პუბლიკა

ინფორმაცია თითქოს  „ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რაიმე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, არის ტყუილი, – კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრესსამსახური პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით „პუბლიკასთან” განმარტებას აკეთებს.

მათი თქმით, ცვლილებები „ელექტრონული კომუნიკაციების” შესახებ კანონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შედის.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ცვლილებები არ ეხება „მაუწყებლობის შესახებ” კანონს და შესაბამისად, კავშირი არ აქვს მედიასთან, ტელევიზიებთან.

აღსრულების ეფექტიანი მექანიზმის შესახებ ცვლილებები, კანონპროექტის მიხედვით,  ეხება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და არანაირი კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან.

ელექტრონული კომუნიკაცირბის სფეროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიც არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი  კაბელი, საოპერაციო ტექნიკურ რესურსები,  მთლიანად ელექტრონული კომუნიკაციებისთვის საჭირო რესურსები, რომელიც უზრუნველყოფს ფიქსირებულ ინტერნეტ და მობილურ მომსახურებებს.

რაც შეეხება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებას, აღნიშნული წარმოადგენს მხოლოდ  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტის თანმდევ დაზუსტებას. აღნიშნული განპირობებულია  საქართველოს და  ევროკავშირს შორის , ასოცირების შესახებ შეთანხმების 105-ე მუხლის მე-6 პუნქტით.

ამიტომ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული კანონპროექტები არანაირ შემხებლობაში არ არის მაუწყებლებთან”, – განმარტავენ პრესსამსახურში.


კანონპროექტის მიხედვით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც ეხება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და ითვალისწინებს სპეციალური მმართველის დანიშვნას.

უფრო კონკრეტულად, ცვლილებების მიღების შემთხვევაში კანონში გაჩნდება ამგვარი ჩანაწერი:

თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან/და ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.