სპეციალური მმართველის დანიშვნა - კანონპროექტით, კომუნიკაციების კომისიას ახალი უფლება ენიჭება

პუბლიკა

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი წარედგინა.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა და პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. პროექტის ავტორები მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არიან.

კანონპროექტის მიხედვით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც ეხება კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და ითვალისწინებს სპეციალური მმართველის დანიშვნას.

უფრო კონკრეტულად, ცვლილებების მიღების შემთხვევაში კანონში გაჩნდება ამგვარი ჩანაწერი:

თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან/და ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

► პროექტის მიხედვით, სპეციალური მმართველი ინიშნება კომისიის გადაწყვეტილებით. სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ კომისიის გადაწყვეტილება ძალში შედის კომისიის სხდომაზე მიღებისთანავე.

► კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სპეციალური მმართველი ინიშნება კომისიის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფამდე, მაგრამ არაუმეტეს 2 წლისა.

► სპეციალური მმართველი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელსაც არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ და აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს.

„კომისია საკუთარი გადაწყვეტილებით განსაზღვრავს სპეციალური მმართველის უფლებამოსილებასა და პასუხისმგებლობას, რომელთა ფარგლებშიც სპეციალურ მმართველს შეუძლია განახორციელოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის სრული კონტროლი და მასზე შეიძლება გადავიდეს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის ყველა ორგანოს (მათ შორის, დირექტორი/დირექტორთა საბჭო, სამეთვალყურეო საბჭო, პარტნიორთა/აქციონერთა კრება) სრული უფლებამოსილება“, – ვკითხულობთ კანონპროექტში.

კანონი ავტორიზებულ პირსა და ლიცენზიას ასე განმარტავს:

ავტორიზებული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი) ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი).

ლიცენზია – განსაზღვრული ვადითა და სპეციალური პირობებით პირისთვის მინიჭებული სპეციალური უფლება, ისარგებლოს რადიოსიხშირული სპექტრით;

კანონპროექტის მიხედვით, სპეციალური მმართველი უფლებამოსილია:

ა) დანიშნოს ან/და გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორ(ებ)ი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრ(ებ)ი (ასეთი არსებობის შემთხვევაში);

ბ) სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით სადავო გახადოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნამდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მათი ბათილობა, თუ აღნიშნული ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი მიადგა/ზიანი ადგება სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს;

გ) ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა;

დ) ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მმართველობითი ორგანოს სხვა ფუნქციები (გარდა ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის/აქციების განკარგვისა);

► კანონპროექტის მიხედვით, სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ დაუშვებელია ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის სახელით ნებისმიერი ქმედების განხორციელება სპეციალური მმართველის ან/და კომისიის თანხმობის გარეშე. ასევე განსაზღვრულია, რომ ბათილია ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება და ქმედება, თუ ისინი განხორციელებული არ არის კომისიის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

► კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებისა და აღნიშნულის დამადასტურებელი ინფორმაციის/დოკუმენტაციის კომისიაში წარმოდგენის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით თანამდებობიდან თავისუფლდება სპეციალური მმართველი და წყდება ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების აღსრულების სპეციალური ღონისძიებების გამოყენება ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ;

კანონპროექტს სრულად გაეცანით ბმულზე.