2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე წარდგენილია, 2021 წლის იანვრიდან სტატუსის მქონე მასწავლებლების სახელფასო დანამატის ზრდა 100 ლარით არის გათვალისწინებული.
პრემიერ-მინისტრის გასული წლის განცხადების შესაბამისად, უფროსი, წამყვანისა და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგები დანამატის გაზრდას 150 ლარის ოდენობით უკვე მიმდინარე წლის სექტემბრიდან ელოდნენ, თუმცა დღემდე განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანება არ გამოცემულა.
ასევე, 150-ლარიან დანამატთან დაკავშირებით ჩანაწერი იყო „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის პროექტშიც, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლებში უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის ხელფასის მატება ორ ეტაპად იყო დაგეგმილი.
2019 წლის 1 ოქტომბრიდან საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების (43 ათასამდე მოქალაქე) დანამატი გაიზარდა 150 ლარით და დამატებით 150 ლარით უნდა გაიზრდილიყო 2020 წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან.
ივნისში, „პუბლიკის“ შეკითხვაზე – ახალი სასწავლო წლიდან, სექტემბრიდან მასწავლებლებისთვის ხელფასის დაგეგმილ მომატებას შეეხებოდა თუ არა რაიმე ცვლილება? – მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ გვიპასუხა, რომ მასწავლებლების ხელფასის მომატებასთან დაკავშირებული დაპირება ძალაში რჩებოდა. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია დრო, თუ როდიდან დაიწყებოდა დანამატის გაზრდა.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება ბიუჯეტის პროექტის მიხედვით
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება განსაზღვრულია 1 738.1 მლნ ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ასიგნებას 199.2 მლნ ლარით აღემატება.
სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით განსაზღვრულია 1 007.5 მლნ ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ასიგნებასთან შედარებით გაზრდილია 100.7 მლნ ლარით.
მათ შორის პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია:
- ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება – 880.0 მლნ ლარი, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 92.0 მლნ ლარით და გათვალისწინებულია სტატუსის მქონე მასწავლებელების სახელფასო დანამატის
ზრდა 100 ლარით 2021 წლის იანვრიდან; - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა – 9.3 მლნ ლარამდე;
- უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა – 18.2 მლნ ლარამდე;
- წარმატებულ მოსწავლეთა წახალისება – 885.0 მლნ ლარი;
- განსაკუთრებით ნიჭიერ მოსწავლეთა საგანმანათლებლო და საცხოვრებელი
პირობებით უზრუნველყოფა – 240.0 მლნ ლარი; - მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა – 26.3 მლნ ლარი;
- საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა – 23.6 მლნ ლარამდე;
- პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი” – 33.0 მლნ ლარი და სხვა.
გარდა ამისა, პროფესიული განათლების მიმართულებით განსაზღვრულია – 52.5 მლნ ლარი.
- უმაღლესი განათლება – 147.2 მლნ ლარი;
- მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 65.5 მლნ ლარი;
- ინკლუზიური განათლება – 23.7 მლნ ლარი;
- ინფრასტრუქტურის განვითარება – 125.8 მლნ ლარი.