შეეხება თუ არა ბიუჯეტში ცვლილებები პედაგოგებისთვის დაანონსებულ ხელფასების ზრდას

პუბლიკა

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებებზე კანონპროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად მცირდება, დაახლოებით 600.0 მლნ ლარის ოდენობით.

პროექტის მიხედვით, განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებები მცირდება, ჯამში, 127,7 მლნ ლარის ოდენობით,

„ბუნებრივი ფაქტორების (პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდვები) გათვალისწინებით იზღუდება კულტურული, სპორტული და ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები. ასევე, გადაიხედა 2020 წლისათვის განათლების რეფორმის ზოგიერთი მიმართულება“. – ვკითხულობთ ცვლილებების პროექტში.

განათლების სამინისტროს ბიუჯეტში შემცირება რამდენიმე ძირითადად პროგრამას ეხება. მაგალითად, სკოლამდელი და ზოგადი განათლების პროგრამის ბიუჯეტი – 20,4 მლნ ლარით მცირდება.

სკოლამდელი და ზოგადი განათლების პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 2020 წლის ბიუჯეტში 927 მილიონამდე იყო და ცვლილებების პროექტის მიხედვით, 907 მილიონამდე მცირდება.

„პუბლიკა“ დაინტერესდა, შეეხება თუ არა ბიუჯეტში ცვლილებები პედაგოგებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებისთვის დაანონსებულ ხელფასების მატებას.

საჯარო სკოლებში უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის ხელფასის მატება ორ ეტაპად იყო დაგეგმილი.

2019 წლის 1 ოქტომბრიდან საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების (43 ათასამდე მოქალაქე) დანამატი გაიზრდა 150 ლარით და დამატებით 150 ლარით უნდა გაიზარდოს 2020 წელს, ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან.

პროექტში ეწერა, რომ მასწავლებელთა ხელფასის ზრდაზე 2020 წელს ჯამში მიიმართება 140.0 მლნ ლარზე მეტი;

2020 წლის 1 სექტემბრიდან 100 ლარით უნდა გაიზრდოს საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება (მასწავლებლები, აღმზრდელები და სხვა, 32 ათასზე მეტი მოქალაქე), რაზედაც მიიმართება 15.0 მლნ ლარამდე;

განათლების სამინისტროში განგვიცხადეს, რომ უახლოეს მომავალში განათლების სამინისტროში მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირების შესახებ ბრიფინგი გაიმართება და ამავე ბრიფინგზე პედაგოგთა ხელფასის ზრდაზე დასმულ კითხვებსაც უპასუხობენ.

განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის თქმით, კონკრეტულად რა მიმართულებებზე როგორ შემცირდება თანხა, ეს ზუსტად 16 ივნისის შემდეგ იქნება ცნობილი კომიტეტის წარმომადგენლებისთვის. მისი თქმით, 16 ივნისს არის ჩანიშნული საბიუჯეტო კომიტეტთან აღნიშნული საკითხების განხილვა.

შეკითხვაზე, შეეხება თუ არა პედაგოგებისა და სასკოლო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის ხელფასის ზრდის გეგმას ცვლილებები გვიპასუხა, რომ ბიუჯეტში ცვლილებები ხელფასის ზრდას, სავარაუდოდ, არ შეეხება.

მისი თქმით, ზოგადი და სკოლამდელი განათლების პროგრამაში 20 მილიონამდე შემცირება შეეხო იმ პროგრამებს, სადაც პანდემიის დროს თანხა დაიზოგა. ეს არის მოსწავლეთა ტრანსპორტირების პროგრამა და ახალი სკოლის მოდელი.

სკოლამდელი და ზოგადი განათლების პროგრამაში 30-მდე ქვეპროგრამას მოიცავს.

ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, მაგალითად, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება იზრდება 6 მლნ-ით.

დაახლოებით, 3 მილიონით მცირდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი.
საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა მცირდება 8,250 მლნ-ით.

ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობა მცირდება 12 მლნ ლარით. ეროვნული უმცირესობების პროფესიული გადამზადება მცირდება დაახლოებით 900 000 ლარით. საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობა მცირდება 2 მილიონით.

განათლების სამინსტროს ბიუჯეტში ცვლილებები სხვა ძირითად პროგრამებსაც შეეხო.
✓ პროფესიული განათლება – 6,3 მლნ ლარით შემცირდა.
✓ უმაღლესი განათლება – 3,0 მლნ ლარით;
✓ მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 3,9 მლნ ლარით;
✓ ინფრასტრუქტურის განვითარება – 17,6 მლნ ლარით;
✓ კულტურის დაფინანსება – 20,7 მლნ ლარით;
✓ სპორტის დაფინანსება – 53,3 მლნ ლარით;
✓ სხვა დანარჩენი პროგრამები და ხარჯები – 2,5 მლნ ლარით;

LB loan image desktop LB loan image mobile