„დადასტურდა, რომ საკონსტიტუციოც ქართული ოცნების ნების ბრმად აღმსრულებელია" - „ლელო"

პუბლიკა

„დადასტურდა, რომ საკონსტიტუციოც ქართული ოცნების ნების ბრმად აღმსრულებელია“ – ასე ეხმაურება პარტია „ლელო“ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო.

პარტიის ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ სასამართლომ გაახმოვანა ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთა. მისი თქმით, „ოცნება“ კვლავ ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთისა და პუტინის ინსტრუქციებს ეფუძნება.

„რუსული დავალებების შემსრულებელი „ქართული ოცნება“ კვლავ ატარებს იმ პოლიტიკას, რომელიც რუსეთის, პუტინის ინსტრუქციებს ეფუძნება. ცხადია, რომ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის დაწყება სწორედ იყო ნაკარნახევი რუსეთის მხრიდან. ამიტომაც, შესაბამისად, ამოცანა იყო და არის „ქართული ოცნების“ რომ ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც ინარჩუნებდა დღემდე და ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, მოახდინა ამ ინსტიტუციისთვის დიდი დარტყმის მიყენება.

რა თქმა უნდა, სასამართლომ გაახმოვანა ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთა და კობახიძემ კერძოდ, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. ამ შემთხვევაში კვლავ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არის „ქართული ოცნების“ ნების ბრმად აღმსრულებელი. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ეს მცდელობა, გამომდინარე რუსეთიდან მიღებული ინსტრუქციებისგან, ემსახურება იმას, რომ ხელი შეუშალოს სალომე ზურაბიშვილის იმ უმნიშვნელოვანესი ვიზიტების განხორციელებაში, რომელიც ემსახურებოდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ხელი შეუშალოს მის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან და ხელი შეუშალოს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ამას ემსახურება მთელი ეს ავანტიურა, რომელიც წამოიწყო „ქართულმა ოცნებამ“ და რომელიც დღეს გაახმოვანა, სამწუხაროდ, „ქართული ოცნებისთვის“ დაქვემდებარებულმა საკონსტიტუციო სასამართლომ,” – განაცხადა ჯაფარიძემ.