თბილისის მერიის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერიის ინიციატივით თბილისის ზღვის აუზისა და მიმდებარე ტრერიტორიის მასშტაბური ჰიდროლოგიური კვლევა განხორციელდა. მისი თქმით, კვლევის მიზანი იყო თბილისის ზღვის სანიტარული დაცვის ზონების განსაზღვრა.
„იცით, რომ ძალიან ბევრი კერძო საკუთრებაა თბილისის ზღვის ირგვლივ. შესაბამისად, სანიტარული ზონების განსაზღვრა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. თბილისის მესამედი ზუსტად თბილისის ზღვით მარაგდება სასმელი წყლით.
კვლევის შედეგად დადგინდა ზღვის სანიტარული დაცვის არეალი და ზუსტი კოორდინატები, და აისახა დედაქალაქის ინტერაქტიულ რუკაზე. თითოეული დაცვის არეალში შეიზღუდა ისეთი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს წყლის დაბინძურებას, მათ შორის მშენებლობა, წყლის დაერთებები, რომლებიც, სამწუხაროდ გვქონდა, ეკონომიკური საქმიანობა და ა.შ.“,- განმარტა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მომზადდა სამართლებრივი აქტი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი რეგულაციები, რომლებიც გახდება სავალდებულო ყველასათვის, ვინც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე რაიმე ტიპის აქტივობას დაგეგმავს.
„მსგავსი რეგულაცია, თბილისს არასდროს ჰქონია და თბილისის ზღვაზე ქაოსურად ხდებოდა განაშენიანებაც და გარკვეული პროექტების განხორციელებაც, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა და ხდებოდა დაბინძურება. ჩვენი ეს ინიციატივა მიმართულია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა კალაძემ.