დადგინდეს ადეკვატური რეგულაციები – კლუბების, ბარების, ფესტივალებისა და მუსიკალური ღონისძიებების ხელმძღვანელთა მიმართვა მთავრობას

პუბლიკა

სხვადასხვა კლუბის, ბარისა და ფესტივალის, მუსიკალური ღონისძიებების ხელმძღვანელთა განცხადებით, პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, მათი საქმიანობა დღემდე შეჩერებულია, რამაც მათ მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიაყენა.

მათივე განცხადებით, 3-თვიანი კარანტინის შემდეგ, როდესაც რეგულაციების შემსუბუქება დაიწყო, სხვადასხვა კლუბის, ბარისა და ფესტივალის, მუსიკალური ღონისძიებების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ის რეგულაციები გააცნეს, რომელთა მიხედვითაც, საქმიანობის განახლების შესაძლებლობა მიეცემოდათ და მიიღეს დაპირება, რომ აღნიშნული დადგენილება ძალაში უახლოეს პერიოდში შევიდოდა.

„სწორედ ამ შეხვედრიდან გამომდინარე, დავიწყეთ საკუთარი ღონისძიებების დაორგანიზება. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენი ამოქმედება სწორედ ზემოთ აღნიშნული ადამიანების წახალისებამ და თითქოსდა „მხარდაჭერამ“ გამოიწვია. მალევე მთავრობის მეთაურმა დაავალა საბჭოს, განეხილა რეგულაციები ღია სივრცეში ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით. რადგან შეხვედრის შემდეგ ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა, ჩავთვალეთ რომ სწორედ ის დადგენილება შედიოდა ძალაში, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ. ამის შემდეგ დავიწყეთ ივენთების პრომოუშენი, გაყიდვები, გავწიეთ წინასწარი ხარჯი რომელიც ძირითადად მიმართული იყო იმისკენ რომ დაგვეცვა სახელმწიფოსგან მომართული რეგულაციები.

საბოლოო ჯამში კი გამოვიდა დადგენილება, რომელშიც არა თუ ის რეგულაციები არ იყო შესული, რისი განხილვაც აღნიშნულ შეხვედრაზე მოხდა, მეტიც, ეს ინდუსტრია საერთოდ ამოღებული იყო კულტურული ღონისძიებების ჩამონათვალიდან და მიენიჭა გასართობი ღონისძიების სტატუსი, რომელზეც ჯერჯერობით არანაირი რეგულაცია არ არსებობს. შესაბამისად მსგავსი სახის საქმიანობა თავშივე ითვლება კანონდარღვევად, მიუხედავად იმისა თუ რამდენად ეცადე გეზრუნა სტუმრის უსაფრთხოებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე განმარტებით, სწორედ ზემოთ აღნიშნული დადგენილებიდან გამომდინარე, 17-18 ივლისს  ერთდროულად დაჯარიმდა თითქმის ყველა ღონისძიება, რომელიც გაიმართა თბილისის მასშტაბით. განცხადების ავტორები ფიქრობენ, რომ  ამ ქმედებას მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლის ფუნქცია აქვს, რადგან პარალელურად ტარდება ღონისძიებები, რომლებსაც ამ მხრივ პრობლემა არ შექმნიათ, მაგალითად, კიკვიძის პარკში გამართული კონცერტი, დენდროლოგიური პარკის გახსნა და ა.შ.

როგორც ისინი აცხადებენ, ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება განწირულ მდგომარეობაში აყენებს ისედაც დიდად დაზიანებულ ინდუსტრიას და სელექციური და ქაოტური გადაწყვეტილებები საბოლოოდ გამოიწვევს მუსიკალური და გასართობი სფეროს სრულ ჩამოშლას და გაჩერებას.

განცხადების ავტორები მოითხოვენ: მოიხსნას დაკისრებული ჯარიმა; ჯანდაცვის სამინისტრო გადავიდეს სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად თანამშრომლობის რეჟიმში; ურთიერთთანამშრომლობის შედეგად დადგინდეს ადეკვატური რეგულაციები, რომლის მიხედვითაც, საშუალება გვექნება განვახორციელოთ ღონისძიებები; სასწრაფოდ შეიცვალოს კლუბების და ფესტივალების განმარტება და გასართობი ბიზნესიდან გადავიდეს კულტურულ ღონისძიებებში.