დიმიტრი ხუნდაძემ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემაა, რომ კრიმინალური ქმედების გამო საპყრობილეში ყოფნა პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა და გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, ასეთი მძიმე წარსულის მქონე ადამიანი წარუდგინონ საზოგადოებას ლიდერად.
„ადრე ადამიანი ნაწამები გამოდიოდა. ზოგი ამასაც ვერ ახერხებდა. გახსოვთ, ალბათ, ყოველ ხუთ დღეში სამი გვამი – ეს იყო სტაბილური ციფრი – გამოდიოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან. დღეს ხედავთ კოსტიუმში გამოწყობილი გამოდის მერაბიშვილი და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს. სხვაობა ნამდვილად არის და ამას დაყვედრება არ სჭირდება. დღეს რომ ასე არ ხდება, მე მიხარია. საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ პრობლემა რამდენიმეა, გარდა იმისა, რომ ადამიანმა ვერ იგრძნო, რატომ იჯდა ციხეში, ბოდიშიც არ მოუხდია და უცებ დამხობაზე საუბრობს. პრობლემაა, რომ კრიმინალური ქმედების გამო საპყრობილეში ყოფნა პოლიტიკურ აქტივობად ითვლება და გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, ასეთი მძიმე წარსულის მქონე ადამიანი წარუდგინონ საზოგადოებას ლიდერად. ეს ნამდვილად არის პრობლემა. დამხობა, ძალადობა, დაჭერა, გვამები გარედან, შიგნიდან. ეს დასრულებულია. თუ დამხობაზე აქვთ საუბარი, საკუთარ ბალიშზე დაემხონ და კარგად გამოიძინონ. .“, – განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში დიმიტრი ხუნდაძემ.
ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს, დილით დატოვა. მან ჟუნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.
„ბატონებო, ზუსტად 6 წელიწადი და 9 თვე ვიმყოფებოდი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ არ წავედი არავითარ კომპრომისზე და არ წავედი კომპრომისზე საკუთარი თავის მიმართ. მადლობა ყველა გულშემატკივარს. მათი მხარდაჭერით და მომავლის იმედით მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი და რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს ჩამოშორდეს. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ეს აუცილებელია, რომ ქვეყანა განვითარდეს. ახალგაზრდებს მიეცეთ პერსპექტივა“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.