როდესაც პატიმარი ახალი გამოსულია, მას განცდები დეფორმირებული აქვს – წულუკიანი მერაბიშვილზე

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს.

„როდესაც პატიმარი ახალი გამოსულია საპატიმროდან, მას აქვს დეფორმირებული განცდები. ამიტომ მე მგონია, რომ ჩემგან სერიოზული კომენტარი მის განცხადებაზე საჭირო არაა. მოუწევს იმის შეფასება, რა დატოვა და რა დახვდა, მაგალითად, ის, რომ ენმ აღარ არის ერთიანი და ეს არის დაქსაქსული ძალა და ამ დაქსაქსული ელემენტების დეგრადირების ხარისხის შეფასება მოუწევს. მოუწევს გაიაზროს, რომ ის რეალურად ქცეულია მისი ყოფილი ძალის დანაყოფებისთვის პიარულ ცხელ კარტოფილად, რომელიც, ალბათ, არავის არ უნდა და დაიწყებენ მისით პინგ-პონგის თამაშს. იმიტომ, რომ ის რეალურად არის პრობლემა. იმიტომ რომ ის არის „მეტრუპე” და არ შეიძლება „მეტრუპე” ვინმეს უნდოდეს თავისთან. მოჩვენებითად იტყვიან რომ გვიხარია შენი ჩვენთან ყოფნა. ამიტომ მას ბევრი სამუშაო აქვს. ჩაატაროს ეს სამუშაო, ვაცადოთ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს, დილით დატოვა. მან ჟუნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ  აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება.

„ბატონებო, ზუსტად 6 წელიწადი და 9 თვე ვიმყოფებოდი ამ საპატიმროში, სამარტოო საკანში. მე ვარ კმაყოფილი იმით, რომ  არ წავედი არავითარ კომპრომისზე და არ წავედი კომპრომისზე საკუთარი თავის მიმართ. მადლობა ყველა გულშემატკივარს. მათი მხარდაჭერით და მომავლის იმედით მე შევინარჩუნე ძალა, ენერგია, იმედი და რწმენა, რომ გავაგრძელო ბრძოლა იმისთვის, რომ ეს რეჟიმი საქართველოს ჩამოშორდეს. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ეს აუცილებელია, რომ ქვეყანა განვითარდეს. ახალგაზრდებს მიეცეთ პერსპექტივა“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.