დაღუპული 3 მუშის საქმეზე ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 7000-ლარიანი გირაო შეუფარდეს

პუბლიკა

2019 წელს, 16 მარტს, ორთაჭალაში მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსის გარე ფასადზე მოძრავი კალათის ბაგირი გაწყდა. კალათაზე მდგომი სამი მუშა დაახლოებით მე-11 სართულის სიმაღლიდან ჩამოვარდა. შალვა ფუტკარაძე ადგილზე დაიღუპა, ნოდარ ჩაკვეტაძე – იმავე დღეს საავადმყოფოში, ვეფხია ხუჭუა კი შემთხვევიდან მეშვიდე დღეს გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება შემთხვევის დღესვე დაიწყო, მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით. პროკურატურამ ორ პირს თეიმურაზ მ-სა და ირაკლი ჯ-ს ბრალი წარუდგინა. ბრალდებულებს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მშენებლობაზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შედეგად სამი მუშის დაღუპვის საქმეზე ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოდ 7000-7000 ლარი შეუფარდა.

საცხოვრებელ კორპუსს, სადაც მუშები დაიღუპნენ „მონოლით ჯგუფი“ და  „ემ ჯი ალიანსი“ აშენებდნენ.

ბრალდებულებიდან ერთ-ერთი სამუშაოების მწარმოებელი იყო, ხოლო მეორე – „ემ ჯი ალიანსის“ მიერ დაქირავებული უსაფრთხოების სპეციალისტი.

ერთ-ერთი გარდაცვლილი მუშის, ვეფხია მჭედლიძის მეუღლის ნინო მჭედლიძის ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია EMC იცავს.

როგორც EMC-ის იურისტი ქეთი ჩუთლაშვილი „პუბლიკასთან“ აცხადებს, ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც სხვა მსგავსს საქმეებზე, მაღალი მენეჯერული რგოლის პასუხისმგებლობა არ დგება.

„მაღალი მენეჯერული რგოლის სისხლის პასუხისმგებლობა არ იკვეთება ამ შეთხვევაში და არც ერთ სხვა შემთხვევებში. მხოლოდ რამდენიმე საქმეზე გამოიკვეთა, ერთ-ერთი იყო ტყიბულის შახტში მომხდარი შემთხვევა 2018 წლის აპრილში“, – განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.

მისივე თქმით, გამოძიების პროცესი გაჭიანურდა. დაგვიანდა ექსპერტიზის პასუხი და ამასთან ერთად ამ 1 წლის განმავლობაში იცვლებოდნენ გამომძიებლები და პროკურორები.

„თვითონ გამოძიების პროცესი იყო საკმაოდ გაჭიანურებული, 1 წელზე მეტი დრო გავიდა. პრობლემა იყო  რომ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო გამოძიებისთვის, გონივრულ ვადაში ვერ მომზადდა და შემდგომში უკვე სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც დროში გაიწელა. ამას  ხელს უწყობდა ისიც, რომ ხშირად იცვლებოდნენ გამომძიებლები, პროკურორები. მათთან გვჭირდებოდა ხელახალი კომუნიკაცია და საკითხების ხელახლა დაყენება“, – განაცხადა ქეთი ჩუთლაშვილმა.

3 მუშის დაღუპვის საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება.


„როცა საავადმყოფოში შეიყვანეს, გონზე იყო. ექიმებს თვითონ უთხრა სახელი და გვარი. შინაგანი სისხლდენა ჰქონდა. ოპერაცია მაშინვე გაუკეთეს, მაგრამ ყველა სასიცოცხლო ორგანო დაზიანებული ჰქონდა… ძალიან მძიმე დაზიანებები იყო. თავის დაზიანება არ ჰქონდა მხოლოდ. ექიმები ვერაფერს ამბობდნენ. რადგან ახლა ცოცხალია, შეიძლება გადარჩეს კიდეცო“, – იხსენებდა გარდაცვლილი ვეფხია ხუჭუას ცოლი ნინო მჭედლიძე „პუბლიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

გადადით ბმულზე და წაიკითხეთ ინტერვიუ სრულად: