„დაგვიბრუნეთ საბავშვო ბაღები!“ – ამ მოთხოვნით კერძო ბაღების ასოციაციამ დღეს მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გამართა. ასოციაციის წევრი ბაღების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მთავრობის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომ ბაღები მუშაობის გაგრძელებას მხოლოდ 1 ოქტომბრიდან შეძლებენ, მათთვის ფაქტობრივად დამღუპველია.
„ჩვენ ვითხოვთ, რომ მუშაობა დავიწყოთ სექტემბრის თვეში. ჩვენ მუშაობის დასაწყებად მზად ვართ და ყველანაირ მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ. დაანონსებული 1 ოქტომბერი ეს უკვე ჩვენთვის ძალიან გვიანი თარიღია. ამ დროში შეიძლება დავკარგოთ ფართი და თანამშრომლები. 6 თვე, ნახევარი წელი, ფაქტობრივად უმუშევრები და უმოქმედოდ ვართ“, – ამბობს აქციის მონაწილე, ერთ-ერთი კერძო ბაღის აღმზრდელი, ნანა ღვირჯილია „პუბლიკასთან“ საუბარში.
ნანა ღვირჯილიას თქმით, კერძო ბაღებს 6 თვეა არანაირი შემოსავალი არ აქვთ. მისივე განცხადებით, ბაღები იჯარას ვერ იხდიან.
„იჯარას ვერ ვიხდით… გვაქვს ჩვენი საბანკო ვალდებულებები… ვალი დაგროვდა… ძალიან დიდი ფინანსური გასაჭირის წინაშე ვართ და ვკარგავთ ფართს. სახელმწიფოსგან მივიღეთ ერთადერთი 200-ლარიანი დახმარება, სხვა მეტი არაფერი. საერთოდ ყურადღებას არ გვაქცევენ, სამწუხაროდ. ძალიან ვწუხვარ, რომ ეს სექტორი – კერძო საბავშვო ბაღები, თურმე აღმოჩნდა, რომ არავის ვეკუთვნით და არავის აინტერესებს“, – ამბობს ნანა ღვირჯილია.
კერძო ბაღების გაერთიანების წარმომადგენელი ნათია გურგენიძე, „პუბლიკასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ კანცელარიასთან შეკრების მიზეზი არის ის, რომ ისინი ელოდებიან დაპირებულ ცვლილებებს.
გურგენიძის თქმით, 25 აგვისტოს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ბექა ფერაძისგან მიიღო დაპირება, რომ „თითქმის გადაწყვეტილი საკითხი, რომ ბაღები 1 ოქტომბერს უნდა გაიხსნას, საკოორდინაციო საბჭოზე ხელახლა განიხილება“.
გარდა ამისა, გვინდა ვთხოვოთ ხელისუფლებას და ჩვენს მთავრობას, რადგან ჩვენი გახსნა 1 სექტემბერს ვერ მოხერხდა, შუამდგომლობა გაგვიწიოს მეიჯარეებთან და ბანკებსთან. რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ვალდებულება და დაღუპვის პირას ვდგავართ“, – ამბობს კერძო ბაღების ასოციაციის წარმომადგენელი.
ნათია გურგენიძის თქმით, კერძო ბაღების გახსნა აღსაზრდელი ბავშვებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე დაწესებულების გახსნა, გურგენიძის შეფასებით, მნიშვნელოვანია მშობლებისთვისაც.