კერძო ბაღების ნაწილი გეგმავს, სააღმზრდელო პროცესი 3 სექტემბერს განაახლოს

პუბლიკა

კერძო საბავშვო ბაღების წარმომადგენლების განცხადებით, სააღმზრდელო დაწესებულებებს 3 სექტემბერს გახსნიან, იმ რეგულაციების მაქსიმალური დაცვით, რაც გაწერილია შრომის უსაფრთხოების წინასწარ პროექტში. მათივე განცხადებით, მზად არიან, ობიექტური და კონსტრუქციული მიდგომით, ეტაპობრივად გაიარონ შრომის უსაფრთხოების შემოწმება, დადგენილი რეგულაციების დაკმაყოფილების მიზნით.

კერძო ბაღების წარმომადგენლებს გახსნის მოთხოვნის საფუძვლიანობისთვის სამი ძირითადი არგუმენტი მოჰყავთ:

  • ეპოდემიოლოგიურ სიტუაციის უკეთ გაკონტროლების მიზნით, მიზანშეწონილია, რომ კერძო ბაღების გახსნა მოხდეს 3 სექტემბერს, ხოლო საჯარო ბაღების – 1 ოქტომბერს. ეს უზრუნველყოფს ბავშვთა ნაკადის გონივრულ გადანაწილებას დროში და ერთდროულად არ დადგება ეპიდემიის გავრცელების რისკი;
  • აღნიშნული პრაქტიკა გამოიყენა განათლების სამინისტრომ და კერძო სკოლებს დართო საგანმანათლებლო პროცესის 1 სექტემბრიდან დაწყების უფლება, ხოლო საჯარო სკოლები ფუნქციონირებას იწყებენ 15 სექტემბერს;
  • ჩვენ ჩვენი საქმიანობით, ვეხმარებით სახელმწიფოს სკოლამდელი აღსაზრდელების ნაკადის მნიშვნელოვანი ნაწილის მიღებაში. ამ ყველაფერთან ერთად ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ვართ ბიზნესი და ვიხდით გადასახადებს სახელმწიფო ბიუჯეტში.

„ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა. ჩვენი ეს მიმართვა არ არის პროტესტის ფორმა და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ გვაქვს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ყოველთვის მზად ვართ, კონსტრუქციული თანამშრომლობისა და დიალოგისთვის, რასაც ასევე მოველით ხელისუფლების მხრიდან. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენი ეს გადაწყვეტილება იქნება ადეკვატურად და ობიექტურად მიღებული. გვაქვს ჩვენი აღსაზრდელებისა და მათი მშობლების გვერდში დგომის იმედი, რომლებიც ძალიან გვიყვარს და მოუთმენლად ველოდებით მათთან შეხვედრას“,- აცხადებენ კერძო ბაღების წარმომადგენლები.

კერძო ბაღების წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ იმ პრობლემებზე, რომლებიც პანდემიის გამო საქმიანობის შეჩერებამ ამ სექტორში გააჩინა.

„ივლისში, დავიწყეთ კონსტრუქციული დიალოგი ჯანდაცვის სამინისტროს შრომის უსაფრთხოების სამსახურთან და ვადასტურებთ, რომ მათ მაქსიმალურად გაითვალისწინეს ჩვენი მოთხოვნები რეგულაციებთან დაკავშირებით, რისთვისაც ვუხდით დიდ მადლობას. თუმცა ვიმეორებთ, ჩვენ დიდი წვალებითა და მოთმინებით მოვედით დღევანდელ დღემდე იმ მოლოდინით, რომ შევძლებდით საქმიანობის გაგრძელებას 1 სექტემბრიდან, რასაც ელიან სოციალიზაციას მოკლებული ჩვენი აღსაზრდელები და მათი მშობლები, რომლებსაც პრობლემა ექმნებათ სამსახურებთან დაკავშირებით.

ასევე სექტემბრიდან გვიწევს დავიწყოთ მეიჯარეებისა და ბანკების ვალდებულებების შესრულება, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს გაკოტრებამდე, თუ არ მოგვეცა საქმიანობის განახლების უფლება. შრომის უსაფრთხოების სამსახურთან ბოლო კომუნიკაციისას მივიღეთ დაპირება, რომ 2 სექტემბერს, ოთხშაბათს, კიდევ ერთხელ განიხილავენ ჩვენი სექტემბრიდან გახსნის საკითხს, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე და დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება“,- აცხადებენ კერძო ბაღების წარმომადგენლები.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საბავშვო ბაღები სწავლას 1 ოქტომბრიდან განაახლებენ. ბაღებს სწავლის პროცესის წარმართვა გარკვეული რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვით მოუწევთ.