ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი
აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტია „აზერბაიჯანული სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარის, პატიმრობაში მყოფი ალი ქარიმლისა და პარტიის უმაღლესი საბჭოს მდივნის, მამედ იბრაჰიმის წინააღმდეგ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დასრულდა. ორივე მათგანს ბრალად ედება აზერბაიჯანის კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა.
დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ქარიმლისა და იბრაჰიმს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ქარიმლი და იბრაჰიმი თავდაპირველად 2025 წლის ნოემბერში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, რამიზ მეჰდიევის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის ფარგლებში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით ეს საქმეები გაიყო.
მოსალოდნელია, რომ ახალი საბრალდებო დასკვნა უახლოეს დღეებში ბაქოს მძიმე დანაშაულთა სასამართლოს გადაეგზავნება.
ხელისუფლებას საქმეზე ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ორივე ბრალდებულმა წაყენებული ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ საქმე შეთითხნილია და პოლიტიკურად მოტივირებულია.
ქარიმლიმ და იბრაჰიმმა ბრალდებები ადრეც უარყვეს და განაცხადეს, რომ მათი დაკავება პოლიტიკური მიზეზებით მოხდა. ქარიმლის თქმით, მან გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზე უარი თქვა.
ალი ქარიმლის საქმე აზერბაიჯანში პოლიტიკური ოპოზიციისა და ხელისუფლების კრიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეპრესიების ფონზე მიმდინარეობს. Human Rights Watch-ის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბრიდან აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის 20-ზე მეტი წევრი დააკავეს, წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს ან გადაადგილებაზე შეზღუდვები დაუწესეს. ორგანიზაციამ ასევე დააფიქსირა სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, აქტივისტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნის შემთხვევები.
მეჰდიევს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აქვს წარდგენილი, მათ შორის ღალატის, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მცდელობისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზების მუხლებით.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმეზე დეტალური განცხადება თებერვალში გაავრცელა. რამიზ მეჰდიევთან ერთად განცხადებაში დასახელებულნი იყვნენ პარტია „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე ალი ქარიმლი, პარტიის წევრი მამედ იბრაჰიმი, ყოფილი პირველი ვიცე-პრემიერი აბას აბასოვი და რამდენიმე სხვა პირი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დასახელებულთაგან ზოგიერთი უცხოური სადაზვერვო სამსახურების მხარდაჭერით მოქმედებდა და სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებასა და აზერბაიჯანის კონსტიტუციური წყობის შეცვლას გეგმავდა.
2025 წლის დეკემბერში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების მდგომარეობა დაგმო და აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდა, გაათავისუფლოს ყველა ის პირი, რომელიც პოლიტიკური მიზეზებით არის დაკავებული.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.