დაკავებულია „ალტ-ინფოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი და მისი თანამზრახველი - საგამოძიებო

პუბლიკა

„ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტ ემა გოგოხიასა და ოპერატორის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, დაკავებულია 2 პირი“, ‒ განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა, კოკა კაციტაძემ.

მისი თქმით, დაკავებულია პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი და მისი თანამზრახველი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 17 მარტს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ემა გოგოხია და ამავე არხის ოპერატორი ზვიად აბლოთია ინტერვიუს ჩასაწერად  ზუგდიდში, პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან იმყოფებოდნენ.

ამ დროს, ადგილზე სწრაფი სვლით მივიდა ავტომანქანა, საიდანაც  ბრალდებულები გადმოვიდნენ. ისინი შეურაცხმყოფელი შეძახილებით და გინებით, ჟურნალისტს და მის ოპერატორს ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტას და მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას სთხოვდნენ.

განხორციელებული დევნის დროს, ბრალდებულებმა ჟურნალისტს და მის ოპერატორს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, “- განაცხადა მან.

მისივე თქმი, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროფესიული ნიშნით განხორციელებული დევნისა და ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ზუგდიდში დაკავებულ იქნა ორივე ბრალდებული.

„ჟურნალისტების უფლებების და მათი პროფესიული საქმიანობის დაცვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ ტიპის საქმეების გამოძიება სწრაფი და ეფექტიანი იყოს“, ‒ განაცხადა კოკა კაციტაძემ.