ემა გოგოხია: ზუგდიდში „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისთან მუშაობისას მე და ჩემს ოპერატორს თავს დაგვესხნენ

პუბლიკა

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ზუგდიდის კორესპონდენტი ემა გოგოხია ამბობს, რომ მას და მის ოპერატორს ძალადობრივი პლატფორმა „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან თავს უცნობი პირები დაესხნენ. გოგოხიას თქმით, ფიზიკურად იძალადეს მასზე და ასევე, სცემეს ოპერატორი. დამტვრეულია აპარატურაც.

როგორც ემა გოგოხია ჰყვება, „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან იღებდა პროტესტის ნიშნად შეღებილ ფასადს. 

„ფაქტი ცოტახნის წინ მოხდა, როდესაც „ალტ-ინფოს“ ოფისში ვიყავით გადაღებაზე და ვცდილობდით ოფისის ერთ-ერთ წარმომადგენელთან ინტერვიუს ჩაწერას. ამ დროს გვერდით დაახლოებით 4 მანქანა ერთდროულად გაჩერდა ორგანიზებულად გადმოვიდნენ მანქანიდან. ისინი შეიარაღებულები იყვნენ კასტეტებით და დაგვესხნენ თავს. ოპერატორს დაახლოებით 8 კაცი უმოწყალოდ სცემდა. ძალადობის ამ ფაქტს საპატრულო პოლიცია შორიდან უყურებდა. მას შემდეგ, რაც უბრალო მოქალაქეებმა გაიგეს ხმაური და შეეცადნენ ჩვენს შველას, მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი“, – ჰყვება გოგოხია.

როგორც ის ამბობს, მომხდარის შემდეგ დარეკა 112-ში, რის შემდეგაც ადგილზე პოლიციაც მივიდა და მისივე თქმით, „დააკავა რამდენიმე პირი, მაგრამ არა ყველა“.

გოგოხია იხსენებს, რომ მათზე თავდამსხმელების სამიზნე კამერა იყო – ერთმანეთს მიუთითებდნენ, რომ აპარატურა დაემტვრიათ და ასევე, გაეტაცათ კამერა. ის ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი უკავშირდებოდა იმ კადრებს, რომელიც „მთავარი არხის“ ჯგუფმა გადაიღო.

„ზუგდიდის მერიის დაქვემდებარებული კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები წმენდნენ ოფისის ფასადს“, – ჰყვება ემა გოგოხია.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ითვალისწინებს.


დღეს ჟურნალისტებზე თავდასხმის ეს უკვე მე-2 შემთხვევაა. თბილისში, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას, „ფორმულას” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ – ნაცემია „ფორმულას“ 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ჟურნალისტსაც. საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.