„თბილავიამშენის“ თანამშრომლები გაიფიცნენ, – აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა ხელფასის ჩარიცხვას ყოველთვიურად აგვიანებს, რის გამოც მესამე დღეა, გაფიცულია დაახლოებით 100 დასაქმებული. მათივე თქმით, ქარხანაში შესვლას არ აპირებენ მანამ, სანამ არ შემუშავდება რაიმე მეთოდი, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ხელფასის დროული ჩარიცხვა.
„პუბლიკა“ ესაუბრა შპს „თბილავიამშენის“ დირექტორს, ტარიელ ჩიჩუას. მისი თქმით, გაფიცულთა მოთხოვნები სამართლიანია.
როგორია საავიაციო ქარხნის მენეჯმენტი:
სააქციო საზოგადოება „თამ თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი არის ნოდარ ბერიძე და აღმასრულებელი დირექტორი – ირაკლი გოგიბერიძე. ამ კომპანიის აქციების 93%-ს ფლობს შპს „თბილავიამშენი“, რომლის გენერალური დირექტორიც არის ტარიელ ჩიჩუა. შპს „თბილავიამშენის“ 100%-იანი წილის მფლობელია ეკონომიკის სამინისტრო.
ჩიჩუას თქმით, სააქციო საზოგადოების გენერალურმა დირექტორმა, ნოდარ ბერიძემ უნდა მოახერხოს, რომ თანხა დამკვეთ კომპანიებს საზღვარგარეთიდან ჩაარიცხინოს, რის შემდეგაც დასაქმებულებს მენეჯმენტი კუთვნილ ხელფასს ჩაურიცხავს.
„რატომ ხდება ასე: „თბილავიამშენს“ არ გააჩნია მუდმივი კონტრაქტები ავიაციების სფეროში. „თბილაიამშენს“ ყოველთვის აქვს პრობლემა, რომ შეკვეთები ჰქონდეს. ასე გრძელდება უკვე მრავალი წელია. ბატონმა ნოდარ ბერიძემ, რატომღაც გადაწყვიტა, რომ მოეწერა ამ კონკრეტულ კონტრქტზე ხელი და დაესაქმებინა 80 ადამიანი წარმოებაში. ეს ადამიანები არ მუშაობდნენ მანამდე „თბილავიამშენში“ და მან [ნოდარ ბერიძემ] ამ კონტრაქტის გამო აიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ „თბილავიამშენმა“ შეასრულა თავისი ვალდებულება, მიღება-ჩაბარების აქტსაც კი მოაწერა ხელი, მეორე მხარე ჯერჯერობით არ ასრულებს თავის ვალდებულებას. კუთვნილი თანხის მიუღებლობამ კომპანია ჩააყენა ამგვარ დღეში, ამასთან კომპანიას არ აქვს სხვა შემოსავალი“, – ამბობს ტარიელ ჩიჩუა.
მისი თქმით, ჩასარიცხია დაახლოებით 1 800 000 დოლარი, რომლითაც „თბილავიამშენი“ კონტრაქტორი კომპანიისგან ელოდება.
კომპანიის წარმომადგენელი ვერ ამბობს ზუსტ თარიღს, როდის დაკმაყოფილდება გაფიცული მუშების მოთხოვნები.
შეკითხვაზე, შეასრულებს თუ არა კომპანია თავის სხვა ვალდებულებებს იმ შემთხვევაში, როცა 100-მდე ადამიანი გაფიცულია, ჩიჩუა გვპასუხობს, რომ ისინი ისედაც არ აპირებენ პროექტის დასრულებას, სანამ თანხა არ ჩაირიცხება, მაგრამ ცდილობენ სხვა გზების მოძებნასაც, რითაც ნაწილობრივ მაინც გაისტუმრებენ გაფიცული მუშების ხელფასს.
ჩიჩუა ასევე აღნიშნავს, რომ მათ აქვთ ახალი პროექტები, რომელიც ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი ითანამშრომლებენ „დელტასთან“, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა.
რაც შეეხება, დასაქმდებიან თუ არა ახალ პროექტებში გაფიცული თანამშრომლები, ჩიჩუა პასუხობს, რომ 80-ვე ადამიანი ვერ ჩაერთვება და ამ ჯგუფიდან პროექტში ჩაერთვება ბევრად ნაკლები.