დარახველიძის მტკიცებით, ლოცულაშვილი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და მას ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა

პუბლიკა

შსს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ამტკიცებს, რომ გორში „შეაჩერეს მოქალაქე, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სამინისტროს თანამშრომელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“.

ეს განცხადება მან 27 მაისს გორში მომხდარის შესახებ გააკეთა, როცა პოლიციელები პაპუნა ლოცულაშვილს და ლაშა აბისონაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გუშინ ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ თქვა, რომ ნაცემ პაპუნა ლოცულაშვილს პოლიციელზე ძალადობას ედავებიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს და შინაპატიმრობას, ჯარიმას ან ორიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ეს ინფორმაცია დღეს დაადასტურა ალექსანდრე დარახველიძემ.

„აღნიშნული საქმეც საგამოძიებო ქვემდებარეობით გადაეცა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ორივე საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. ნებისმიერი სახის ძალადობა, სადაც კი იკვეთება, როგორც თანამშრომლების მხრიდან, ასევე, სხვა პირთა მხრიდან განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, სამინისტროს მხრიდან გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება იმისთვის, რომ დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე“, – თქვა მან.

27 მაისს პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტთან დაკავშირებით ჟურნალისტებმა შეკითხვები დაუსვეს ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს, ლაშა აბისონაშვილს.

მისი თქმით, არ იცის, რა გახდა პოლიციელების მხრიდან მასზე და მის მეგობარზე ძალადობის მიზეზი. ამბობს, რომ მისი მეგობარი „საქართველოს ბანკის“ თანამშრომელია და კანონთან კონფლიქტში არასოდეს ყოფილა. ამასთანავე, ამბობს, რომ მეგობარს ცივი იარაღი არ ჰქონია.

დღეს, 28 მაისსს პაპუნა ლოცულაშვილის მეგობრის, ლაშა აბისონაშვილის დედამ, ნინო ელიკაშვილმა თქვა, რომ კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლოცულაშვილი შესვენებიდან სამსახურში ბრუნდებოდა და პოლიციელებს მანქანის არასწორად გაჩერებაზე შენიშვნა მისცა.

2026 წლის 27 მაისს qartli.ge-მ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ გაუსწორდა ათზე მეტი პოლიციელი ფიზიკურად ორ მოქალაქეს – პაპუნა ლოცულაშვილსა და ლაშა აბისონაშვილს.

ჯგუფური ძალადობის შედეგად დაზარალებულს ნეკნი აქვს გატეხილი, ასევე დაზიანებები აღენიშნება სისხლნაჟღენთების, ნაკაწრების, ზედაპირული თავის ტრავმისა და სხივ-მაჯის სახსრის დაჟეჟილობის სახით.

პოლიციელებისგან ძალადობის მსხვერპლი გახდა დაკავებულის მეგობარი ლაშა აბისონაშვილიც, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სიტუაციის გასარკვევად და გასანეიტრალებლად მივიდა.

28 მაისს პროკურატურამ გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის შემდეგ 6 პოლიციელი დააკავა.

პროკურატურის ცნობით, 2026 წლის 27 მაისს ქალაქ გორში ბრალდებულებმა დაზარალებულის დაკავებისას ძალადობით გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას. ძალადობის შედეგად არსებითად დაირღვა დაზარალებულის უფლებები, ამასთან დაზიანდა მისი ჯანმრთელობა.