რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის ასოციაციის წევრები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ. ასოციაციის წევრების თქმით, მთავრობის მიერ დაანონსებული ცვლილებები, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეპროდუქციული სერვისების მიღების აკრძალვას ითვალისწინებს, დისკრიმინაციულია. ახალი რეგულაცია მათი თქმით, დარგს მნიშვნელოვან საფრთხეებს შეუქმნის.
„გაკვირვებულები ვართ. არ ვიცით, ახსნა რა არის, რას ეფუძნება. ჩვენი შეკრების მიზანია, ხმა მივაწვდინოთ პრემიერ-მინისტრს; შევეცადოთ ავუხსნათ, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და ეს გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული”, – განაცხადა ლიკა ჭყონიამ, ასოციაციის თავმჯდომარემ.
ასოციაციის წევრები ამბობენ, რომ მათთვის პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელიც მთავრობის სხდომაზე 12 ივნისს გააკეთა, იყო მოულოდნელი. ექიმები იმედს იტოვებენ, რომ მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო მათ „მოუსმენს და დაელაპარაკება”.
„არცერთი სერიოზული გადაწყვეტილების მიღება არ ხდება დარგის სპეციალისტების ჩარევის გარეშე. 1998 წლიდან დავიწყეთ მუშაობა და წარმოიდგინეთ თავდასხმები ეკლესიის მხრიდან. იყო შემოტევები, რადგან არავინ იცოდა, რა იყო ინ ვიტრო განაყოფიერება და რა იყო ზოგადად ეს დარგი. უზარმაზარი შრომა ჩავდეთ. იმის მაგივრად, რომ მადლობა გვითხრან, ვიღებთ იმას, რასაც ვიღებთ. იმედია, ეს აკრძალვა არ მოხდება“, – ამბობს ნატალია ხონელიძე, ასოციაციის წევრი.
მათივე განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში იღებენ სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებას და „გამონაკლისი არ უნდა იყოს ინ ვიტრო განაყოფიერება“.
„ვფიქრობ, რომ არცერთ უცხოელ პაციენტს სამედიცინო ტურიზმი შეზღუდული არ აქვს. ნებისმიერი, ვინც დაინტერესებულია, საქართველოში იღებს შესაბამის სამედიცინო სერვისს. რატომ უნდა იყოს ინ ვიტრო განაყოფიერება გამონაკლისი? თუნდაც დონაცია-სუროგაცია, თუკი ქართველ პაციენტებზე ვახორციელებთ აღნიშნულ პროცედურებს, ის უნდა განხორციელდეს უცხოელებზეც. მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არა. თუ არსებობს მიზეზი, უნდა ვიცოდეთ. როგორც მოდის ინფორმაციები, რომ თითქოს სუროგატის ექსპლუატაცია არსებობს, რომ თითქოს, ვაჭრობის თემებია, მაშინ ეს უნდა იყოს აბსოლუტურად დადასტურებული”, – განაცხადა რეპროდუქტოლოგმა, ნატალია ხონელიძემ.
ასოციაციის წევრების თქმით, მნიშვნელოვანია ცნობიერების გაზრდა დარგთან მიმართებით. ამბობენ, რომ „დარგს გადარჩენა სჭირდება”.
„უნაყოფობის მკურნალობა კვლავ არ არის აღქმული, როგორც დაავადება, რომელსაც ვმკურნალობთ. ჩემს თავსაც ვადანაშაულებ და ჩემს კოლეგებსაც, რომ არ გავზარდეთ ცნობიერება ამ დარგთან დაკავშირებით, როგორც საჭიროა. აქ მედიცინის დახმარებით რეპროდუქციაზეა საუბარი, იკრძალება უცხოელებისთვის ინ ვიტრო განაყოფიერება. რომ ჩამოვიდეს უცხოელი ადამიანი, გულის ოპერაციის გაკეთება უნდა ავუკრძალოთ? რა თქმა უნდა, არა. როგორ შეიძლება გავმიჯნო მოქალაქეობის და ნებისმიერი ნიშნით პაციენტი? ჩვენი მიზანია დარგი გადავარჩინოთ”, – განაცხადა ასოციაციის თავმდჯომარემ.
ექიმი ნინო მუსერიძე ამბობს, რომ ამ დარგში მომუშავე ექიმები დაკარგავენ სამუშაო ადგილებს, ასევე შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებისთივს გაძვირდეს სერვისი.
„ეს დარგი განვითარდა ჩვენთან იმ დონეზე, რომ ევროპა და ამერიკაც კი არ დგას ჩვენზე წინ ამ სფეროში. ჩვენ ძალიან კარგ სამედიცინო სერვისს ვაწვდით პაციენტებს. ჩამოდიან იმიტომ, რომ აქვთ საუკეთესო სერვისი. მარტო 22 წელს 70 მილიონზე მეტი შემოვიდა სამედიცინო ტურიზმიდან და რატომ ვაკეთებთ იმას, რომ საქართველო არ იყოს ჰაბი? შობადობა არ შემცირდება მსოფლიოში, ეს ადამიანები წავლენ იქ, სადაც იქნება ჰაბი, რატომ ვუკეთებთ ამას? რატომ ვაიძულებთ წავიდნენ სხვა ქვეყანაში”, – განაცხადა ნინო მუსერიძემ.
შეხვდება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი დარგის სპეციალისტებს და მოისმენს თუ არა მათ ხედვებს – ექიმები, ადამიანის რეპროდუქციისა და ემბრიოლოგიის საქართველოს ასოციაციის წევრები ახლა პრემიერ-მინისტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს გამოხმაურებას ელოდებიან.
„საქართველოში სუროგაცია მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული” – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა 12 ივნისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვები უცხოეთის მოქალაქეებს გაჰყავთ, მათ შორის, „შეიძლება ერთსქესიან წყვილებს“. ამიტომ მისივე თქმით, მუშავდება კანონპროექტი, რომელიც სუროგაციის შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს მისცემს.
ამავე დღეს, ჯანდაცვის მინისტრისგან გავიგეთ, რომ მთავრობა გეგმავს სუროგაციასა და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული ყველა ტიპის რეკლამის აკრძალვას.
„ის საქართველოს მოქალაქე, ვისაც სურს, იყოს დონორი ან იყოს სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე და შეუძლია მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ ის კომპენსაცია, რომელსაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება ახლდეს თან – სამედიცინო გამოკვლევებს, მშობიარობას და ამ ხარჯებთან დაკავშირებულ პროცედურებს”, – თქვა ზურა აზარაშვილმა.