ჯანდაცვის მინისტრის თქმით, იგეგმება ინ-ვიტრო განაყოფიერების რეკლამის აკრძალვა

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ქვეყანაში სუროგაციასა და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული ყველა ტიპის რეკლამა აიკრძალება. ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი კანონპროეტქზე მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„კანონში გვაქვს ჩანაწერი, რომ ყველანაირი ამ ტიპის რეკლამა იკრძალება. ხშირად შეგხვედრიათ ალბათ,  სხვადახხვა სოციალურ ქსელში, მეტროებში არის სამწუხაროდ შეთავაზებები სუროგაციასთან დაკავშირებული, ინ-ვიტროზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ეს სამწუხარო პრაქტიკა ამით დარეგულირდება და მოისპობა”, – თქვა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე განცხადებით, მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ინ ვიტრო განაყოფიერების მეთოდით შვილის გაჩენა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ. ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს სუროგაციასთან დაკავშირებითაც.  აზარაშვილი ამბობს, რომ „სუროგაციის უფლებაც“ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ.

მთავრობის ახალი კანონპროექტის გათვალისწინებით, 2024 წლის პირველი იანვრიდან არასაქართველოს მოქალაქეებისთვის სხვადასხვა რეპროდუქციული მეთოდებით ინ-ვიტრო განაყოფიერება, ასევე სუროგაცია იზღუდება.

„დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით ბევრ ღონისძიებას მივმართავთ და ეს თუ შეიძლება იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა დემოგრაფიული მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების გამრავლების, ვტოვებთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის”, – თქვა ზურა აზარაშვილმა.

მისივე განცხადებით, შემუშავებული კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე კვირაში გაეგზავნება, მთავრობა შემოდგომისთვის ფიქრობს კანონის დამტკიცებას, 2024 წლის იანვრიდან კი მის ძალაში შესვლას.