დარწმუნებულნი ვართ, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს სტატუსს არავინ მოგვანიჭებს - დეპუტატების მორიგი განცხადება

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი, პარტიიდან წასვლის შემდეგ რიგით მესამე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

დეპუტატები „ოცნების“ მიერ წარმოდგენილ ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების გეგმას ეხმაურებიან.

მათი შეფასებით, გეგმაში დეტალურად არის ასახული რეფორმების გასატარებლად გადასადგმელი თითოეული ნაბიჯი, პასუხისმგებელი სუბიექტებისა და ვადების მითითებით.

„მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილმა გეგმამ საბაბიც კი არ დატოვა იმის სათქმელად, რომ ხელისუფლება კანდიდატობის თემას გულგრილად ეკიდება და მიზნის მისაღწევად ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებს, მოხდა ზუსტად ის, რასაც ველოდით: გეგმის წარდგენის პირველივე წუთებიდან, ოპოზიციისგან და მასთან დაკავშირებული ენჯეოებისგან გვესმის არგუმენტებისგან სრულად დაცლილი საუბრები იმის შესახებ, რომ ხელისუფლების მიერ შეთავაზებული გეგმა მათთვის მიუღებელია და მის განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

აქედან კიდევ ერთხელ ჩანს, რომ კანდიდატის თემა მათთვის საინტერესო საერთოდ არაა, უფრო სწორად, მხოლოდ იმ კუთხითაა საინტერესო, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არც დეკემბერში მიენიჭოს. სწორად ამაში ხედავენ ისინი საკუთარ ერთადერთ შანსს, ქვეყანა, მათივე ტერმინით რომ ვთქვათ, „წალეკონ“, ანუ არეულობასა და ომში გახვიონ”, – ნათქვამია განცხადებაში.

ისინი ამბობენ, რომ მიუხედავად მათი საფუძვლიანი სკეპტიკური დამოკიდებულებისა, მიგვაჩნიათ, რომ საზოგადოებისთვის წარდგენილი გეგმის შესასრულებლად ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს.

„დარწმუნებული ვართ, დეკემბერში მისაღები გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსს არავინ მიანიჭებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს, რომ ევროინტეგრაცია მისთვის მყარი პრიორიტეტია და მიზნის მისაღწევად, მის გასაკეთებელს სათანადოდ აკეთებს. ხელისუფლებამ, საზოგადოების ფართო ჩართულობით, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც ობიექტურ შემფასებელს კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის საბაბსაც კი არ დაუტოვებს.

დასასრულს, აღვნიშნავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას რევოლუციის მოწყობის რესურსი არც ახლა აქვს და არც დეკემბერში ექნება. ქვეყნის არევას და ომში ჩათრევას ეს ადამიანები ვერ შეძლებენ. დარწმუნებული ვართ, ამაში თავის წვლილს ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯიც შეიტანს”, – ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში.


მმართველი პარტია დეპუტატებმა 28 ივნისს დატოვეს. როგორც ისინი ამბობენ, პარტიის დატოვების მიზეზია, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ შიდა პოლიტიკურ პროცესებზე.