დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის ფონზე, კანონპროექტი ვერ გვთავაზობს ახლებურ ხედვებს - NGO-ები

პუბლიკა

მიმდინარე კვირაში პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის მიზანია, ახლებურად განსაზღვროს 8 ნარკოტიკული საშუალების (ამფეტამინია, დეზომორფინია, LSD-ს, MDMA-ს, მეთკათინონის (ეფედრონის), მეტამფეტამინის, მეთადონისა და ჰეროინის) მცირე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყისი, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები.

ნარკოპოლიტიკის სფეროში მომუშავე ორგანიზაციები ეხმაურებიან ამ ინიციატივას და აღნიშნავენ, რომ ეს არის ფრაგმენტული მიდგომა საკითხისადმი და რომ არსებული მკაცრი ნარკოპოლიტიკის ფონზე, საზოგადოებას ვერ სთავაზობს ახლებულ თვალთახედვას და კონკრეტული ნივთიერებების მიმართაც ვერ განსაზღვრავს ადეკვატურ ოდენობებს. გთავაზობთ განცხადებას:

„ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების განუსაზღვრელობა (ან არაადეკვატურად მცირე ოდენობების დადგენა) დღემდე რჩება ნარკოპოლიტიკის არაჰუმანურობის ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ. ამგვარი ნორმატიული ბაზის პირობებში, მოხმარებისთვის უვარგისი, ან პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ფლობაც კი იწვევს მკაცრი სასჯელების შეფარდებას. წლების განმავლობაში, პარლამენტის მიერ ამ პრობლემის უგულებელყოფის პირობებში, ერთადერთ გამოსავალს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა წარმოადგენდა, რომელმაც არაერთი გადაწყვეტილება მიიღო ნარკოტიკული საშუალებების ოდენობების სამართლიანად განსაზღვრის საჭიროების თაობაზე.

ინიცირებული კანონპროექტი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების ვალდებულებასთან ერთად, პარლამენტის მიერ ამ პრობლემის ერთგვარ აღიარებას წარმოადგენს. ამის მიუხედავად, შემოთავაზებული ინიციატივა ვერ პასუხობს მოქმედი ნარკოპოლიტიკით დაზარალებული ადამიანების რეალურ საჭიროებებს, არის ფრაგმენტული ხასიათის და შინაარსობრივად პრობლემური შემდეგი მიზეზების გამო:

► კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, მოქმედი კანონისგან განსხვავებულად მოწესრიგდება ოდენობები იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლებიც პრაქტიკაში გავრცელებისა და მოხმარების დიდი სიხშირით გამოირჩევა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში დღემდე გამოწვევად რჩება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების ერთიანად დამუშავება და ამ ინფორმაციის შესაბამისად ნარკოპოლიტიკის დაგეგმვა, გაუგებარია, თუ რა წყაროებსა და კვლევებს ეყრდნობა საკანონმდებლო ინიციატორთა მიდგომა და რა არგუმენტით არ არის ამ ჩამონათვალში სხვა ნარკოტიკული ნივთიერებები, რომელთა მოხმარება ქვეყანაში ასევე მაღალია (მაგალითად ბუპრენორფინი და კოკაინი);

► განსაკუთრებით პრობლემურია ხსენებული რვა ნარკოტიკული ნივთიერების ახლებურად განსაზღვრული ოდენობები. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ოდენობების განსაზღვრისას, ყურადღება გამახვილდა ნივთიერებათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საზიანო შედეგებზე და ოდენობის საზომად აღებულ იქნა ნარკოტიკის ეპიზოდური მომხმარებლის მიერ მოხმარებულ ერთ დოზაზე მეტი ოდენობა, რომლის დათვლა თითოეული ნივთიერების შემთხვევაში სუფთა სუბსტანციის სახით მოხდა. განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ოდენობათა დაანგარიშების მეთოდი დაეყრდნო ერთობლივად სამეცნიერო ლიტერატურას და ლაბორატორიული ექსპერტიზის პრაქტიკას იმის თაობაზე, თუ როგორი სუბსტანციის ფორმით ხდება ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების არალეგალური ფორმით ბრუნვიდან ამოღება და ოდენობის გამოთვლა. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს საერთაშორისო სტანდარტი ნარკოტიკული თუ ფსიქოტროპული ნივთიერებების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე და ყველა ქვეყანა მას საკუთარი შეხედულებისამებრ ადგენს, ცვლილებამ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსი ბრუნვიდან ამოღებულ ნივთიერებათა გავრცელების კონტროლსა და მომხმარებლის უფლებებს შორის.

ამ თვალსაზრისით,  ბუნდოვანია, თუ რა პრინციპით განისაზღვრა დასახელებულ ნივთიერებათა მომხმარებლის ერთჯერადი დოზები და  ახლებურად ჩამოყალიბებული ოდენობები ვერ იქნება მიჩნეული მოხმარებასთან დაკავშირებული ეფექტის გამომწვევ ოდენობად.

მაგალითად, კანონპროექტში ნივთიერება MDMA-ის შემთხვევაში განსაზღვრულია ოდენობა 50 მილიგრამი. ამავდროულად, ევროპის ნარკოტიკების და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრის (EMCDDA) ანგარიშის მიხედვით, ევროპაში MDMA-ს აბში სუფთა ნივთიერების შემცველობა საშუალოდ 125 მილიგრამს შეადგენს. გაუგებარია, თუ რატომ ხდება ერთჯერადი დოზის ოდენობის გამოთვლა ეპიზოდური მომხმარებლის მაგალითზე და არა რეგულარული მომხმარებლის დღიური დოზის ოდენობის გათვალისწინებით.

მაგალითად, ნივთიერება ჰეროინის შემთხვევაში, რეგულარული და დამოკიდებული მომხმარებლის ერთჯერადი დოზა ხშირ შემთხვევაში შეადგენს 50-100 მილიგრამს, ანუ, კანონპროექტში განსაზღვრულ ოდენობაზე 10-20-ჯერ მეტს. როგორც შედეგი, ჰეროინის შემოთავაზებული ოდენობის (5 მილიგრამი) დამტკიცების პირობებში შესაძლოა მხოლოდ ერთეული დამწყები/ექსპერიმენტატორი მომხმარებლები აღარ მოექცნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ. ამ ნივთიერების მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი კვლავ დარჩება სისხლის სამართლის დევნის სუბიექტად.

აღსანიშნავია, რომ ნარკოპოლიტიკის ფუნდამენტური ცვლილების მიზნით მომზადებული კანონპროექტი, ამ საკითხის მოწესრიგებისას, ეპიზოდური მოხმარებისთვის საკმარისი ერთჯერადი ოდენობის ნაცვლად, ითვალისწინებდა რეგულარული მომხმარებლის დღიურ სამყოფ დოზას, რაც იცავდა მომხმარებელს ისეთივე სიმკაცრით დასჯისგან, როგორც ეს გასაღების მიზნის შემთხევაში ხდება;

► კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ნაწილის ოდენობების განსაზღვრით დაიხვეწება ბრუნვიდან ამოღებულ ნივთიერებათა ნუსხა და შესრულდება ქვეყანაში მოქმედი ნარკოპოლიტიკის რეფორმირების თაობაზე საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის რეკომენდაციები. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი საქართველოს მიუთითებს როგორც უმცირესი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობისა და მოხმარების დასჯადობის პრობლემურობაზე, ასევე ზოგადად ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიდგომებზე დამყარებული ნარკოპოლიტიკის აუცილებლობაზე;

ამდენად, არსებული მკაცრი და დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის ფონზე, შემოთავაზებული კანონპროექტი ვერ გვთავაზობს პრინციპულად ახლებურ ხედვებს და კონკრეტული ნივთიერებების მიმართაც ვერ განსაზღვრავს ადეკვატურ ოდენობებს.

ზემოთთქმულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ პარლამენტს:

► სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ახლებურად განსაზღვრის პროცესში უზრუნველყოფილი იყოს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ნარკოტიკების მომხმარებელთა თემის წარმომადგენლების ჩართულობა და მათი მოსაზრებების ირგვლივ პროფესიული დისკუსია;

► გააფართოვოს იმ ნარკოტიკულ საშუალებათა ჩამონათვალი, რომელთა ოდენობებიც ახლებურად მოწესრიგდება და ამ პროცესში იხელმძღვანელოს სამეცნიერო ლიტერატურასა და პრაქტიკაში მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის ნათელი და განჭვრეტადი მიდგომებით;

► ოდენობების განსაზღვრის პარალელურად, დაიწყოს მუშაობა ნარკოპოლიტიკის სისტემურ რეფორმაზე, რომლის მიზანიც იქნება პრევენციაზე, ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავება/დანერგვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  • „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC);
  • „ალტერნატივა ჯორჯია”;
  • „ნარკოტიკის მომხმარებელთა ევრაზიის ქსელი” (ENPUD);
  • „მსოფლიო ექიმები – საფრანგეთი”.