„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელზეც, ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, იმსჯლეს მიმდინარე სასესიო კვირაში განსახილველ საკითხებზე – განათლების და კულტურის მინისტრის საათებსა და ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე.
მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, მსჯელობა იყო ასევე იმაზე, დაუჭერს თუ არა მხარს უმრავლესობა უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ კანდიდატებს, იმ ფონზე, რომ დიპლომატები და NGO-ები პარლამენტს პროცესის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
მდინარაძის განცხადებით, გასაუბრება და შერჩევის პროცესი გამჭვირვალედ წარიმართა. რაც შეეხება მხარდაჭერის საკითხს, მისი თქმით, კომიტეტი, სავარაუდოდ, ოთხშაბათს უყრის კენჭს კანდიდატებს და ამ კენჭისყრაზე გამოჩნდება მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაც.
„ჩვენ პარტნიორებთან ამასთან დაკავშირებით იყო გარკვეული კრიტიკული განცხადებები და ეს საზოგადოებისთვისაც ცნობილია, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, პატივისცემით ვართ იმ განცხადებებისა და თუნდაც კრიტიკის მიმართ, რაც ისმის, მაგრამ საბოლოოდ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს უმრავლესობა, პარლამენტი, ეს გადაწყვეტილება ცნობილი იქნება მაშინ, როდესაც კენჭისყრა გაიმართება“, – განაცხადა მდინარაძემ.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია, რომ პარლამენტი განაგრძობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს სასამართლო რეფორმის წინა ტალღების დამოუკიდებელი შეფასების დასრულებამდე, რაზეც პარლამენტის ლიდერები შეთანხმდნენ“ – ამის შესახებ აშშ-ის საელჩომ განაცხადა.
ევროკავშირის საელჩომ უარი თქვა, დაკვირვებოდა კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს.
„ეს არ შეესაბამება 19 აპრილის შეთანხმებას, ვენეციის კომისიის და „ოდირის“ რჩევების სულისკვეთებით არ მიმდინარეობს ეს პროცესი და ამ საკითხებს ჩვენ კვლავ ვახსენებთ, თუ რა უნდა გაკეთდეს, ვფიქრობთ რომ პროცესი უნდა შეჩერდეს, ახლა ეს პარლამენტის პასუხისმგებლობაა, რომ შეაფასონ საკითხი, რომელსაც განიხილავენ“, – განაცხადა ჰარცელმა.
მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა პარლამენტს ომბუდსმენმა და კოალიციამ დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისთვის.