„დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში ჩარევა“ | ასოციაციის განცხადება

პუბლიკა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ოჯაში ძალადობის ერთ-ერთ რეზონანსულ საქმეზე სამართლებრივი პროცესების პარალელურად, როგორც დაზარალებულის, ისე ბრალდებულის ადვოკატების მიმართ სოციალურ მედიაში შეურაცხყოფისა და ზეწოლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

„აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციას ადვოკატმა ანა არგანაშვილმა მიმართა. ადვოკატის განცხადებით, მისი და მისი კოლეგების მიმართ სოციალურ ქსელში მუქარისა და პირადი შეურაცხყოფის შემცველი განცხადებები მასობრივ ხასიათს იღებს.

პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაუშვებელია ადვოკატის საქმიანობაში ჩარევა და მასზე რაიმე სახით ზეწოლა, ასევე  „დაცვის განხორციელებისთვის  ხელის შეშლის მიზნით ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა“ წარმოადგენს დანაშაულს.

ადვოკატთა ასოციაცია შინაგან საქმეთა მინისტრსა და გენერალურ პროკურორს აღნიშნულ საკითხზე რეაგირების, ეფექტიანი გამოძიებისა და ადვოკატის მიმართ მუქარის განმახორციელებლი პირების იდენტიფიკაციის მოთხოვნით მიმართავს, “- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ისინი ყურადღბით აკვირდებიან მუქარისა და ადვოკატის საქმიანობის ხელისშეშლის სავარაუდო ფაქტებს და მათზე ყოველთვის მოახდენენ რეაგირებას.

მათივე ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართეს.