„დაუყოვნებლივ შეჩერდეს რუსული კანონის განხილვა“ - კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების პეტიცია

პუბლიკა

„არა რუსულ კანონს! ეს ქვეყანა ჩვენია!” – კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები მოითხოვენ დაუყოვნებლივ შეჩერდეს პარლამენტში რუსული კანონის განხილვა.

მათ შექმნეს პეტიცია, რომლის ტექსტშიც ვკითხულობთ:

„ჩვენ, საქართველოს კულტურისა და ხელოვნების სფეროს წამომადგენლები ვაცხადებთ, რომ არ შევურიგდებით საქართველოს პროდასავლური კურსის ეჭვქვეშ დაყენებას და ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიის პრინციპების უარყოფას. მაშინ, როცა ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა და გადაწყვეტილებები აშკარა ანტისახელმწიფოებრივ ამოცანებს ისახავს მიზნად, ყოველი ადამიანის ვალია, გამოავლინოს საკუთარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და პოლიტიკური პოზიცია.

ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ:

1.   დაუყოვნებლივ შეჩერდეს „რუსული კანონის” ხელახალი განხილვა;

2.. შეწყდეს იმ ადამიანებზე ზეწოლა, ვინც ღიად და თამამად გამოხატა „რუსული კანონის“ მიუღებლობა”, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში. 

 

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.

მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.