დავეხმარებით უკრაინას, საბჭოთა ტექნიკიდან NATO-ს სტანდარტის იარაღზე გადავიდეს - ტრასი

პუბლიკა

NATO-ს მინისტერიალის დასრულების შემდეგ ალიანსის ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემაზე შეთანხმდნენ. ახალი და მძიმე იარაღის გადაცემა იყო სწორედ უკრაინის ხელისუფლების პრიორიტეტი NATO-ს მინისტერიალზე, რომელსაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც ესწრებოდა.

მინისტერიალის დასრულების შემდეგ დიდი ბრიტანეთის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ უკრაინის მოთხოვნამ მხარდაჭერა მიიღო და კიევი უფრო ახალ, მძიმე შეიარაღებას მიიღებს.

„და ჩვენ შევთანხმდით, რომ ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე დავეხმაროთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, საბჭოთა ეპოქის ტექნიკიდან NATO-ს სტანდარტების შეიარაღებაზე გადავიდეს“, – თქვა ლიზ ტრასმა.

უკრაინისთვის ახალი სისტემების გადაცემაზე ისაუბრა აშშ-ის სახლემწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც. მისი თქმით, ისინი კვლავ ეძებენ შესაძლებლობებს, თუ რითი შეიძლება კიევის დახმარება.

„ჩვენ ვუყურებთ არა მარტო იმას, თუ რითი დავეხმარეთ უკრაინას… არამედ იმასაც, რისი მიწოდება შეგვიძლია ისეთის, რეალური ცვლილებების მოხდენა რომ შეეძლოს“, – თქვა ბლინკენმა.

უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა კიევის, ჩერნჰივისა და სუმის ოლქებიდან უკან დაიხია და მოსკოვში განაცხადეს, რომ მათი ძირითადი მიზანი დონბასის დაკავება იყო. კონტრშეტევებისთვის უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემამ კრიტიკული მნიშვნელობა შეიძინა.

ჩეხეთმა კიევს უკვე გამოუყო საბჭოთა პერიოდის ათობით ქვეითთა საბრძოლო მანქანა და არამოდერნიზებული T-72 ტიპის ტანკი, თუმცა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მათ სჭირდებათ თანამედროვე შეიარაღება და არა საბჭოთა ეპოქის ტექნიკა.