„დავინახე პოლიტიკური ნება, რომ სასკოლო კვების პროგრამა განხორციელდეს“ – იუნისეფი

პუბლიკა

გაეროს ბავშვთა ფონდი უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფთან ერთად მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამაზე მუშაობას იწყებს. ამასთან დაკავშირებით გაეროს ბავშვთა ფონდში მედიისთვის ბრიფინგი გაიმართა.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ღასან ხალილი  განმარტავს, რომ სასკოლო კვების პროგრამასთან დაკავშირებით გასულ პარასკევს შეხვდა პრემიერ-მინისტრს, გუშინ კი შეხვედრა ჰქონდა განათლების მინისტრთან. ხალილი განმარტავს, რომ სასკოლო კვების პროგრამა უკვე დადგა დღის წესრიგში და მისი განხორციელებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. ეს კონკრეტულად გამოიხატება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს გაეროს ბავშვთა ფონდი და ამ ჯგუფის ფარგლებში განიხილება ყველა  საკითხები პროგრამასთან დაკავშირებით.

„ჩვენ გასულ პარასკევს გვქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. განვიხილეთ სასკოლო ბავშვთა კვების საკითხი და პრემიერ-მინისტრმა საპასუხოდ ქმედითი ნაბიჯები გადადგა. გუშინ გვქონდა შეხვედრა განათლების მინისტრთან და დღეიდან უკვე მუშაობას დაიწყებს სამინისტროთა შორის ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს კონკრეტულ გეგმას და განახორციელებს ამ გეგმას.

სასკოლო კვების პროგრამის უპირატესობა ის არის, რომ პირველ რიგში ხელს შეუწყობს ბავშვების სკოლაში დარჩენას; სასკოლო კვება გააუმჯობესებს მათი სწავლის შესაძლებლობებს; უზრუნველყოფს მათ გონებრივ მზადყოფნას სწავლისათვის. სოციალური ეფექტი ექნება, რადგან, როდესაც ბავშვები ერთად სადილობენ, სოციალიზაცია ხდება (რა თქმა უნდა, ეს უნდა მოხდეს დისტანციის დაცვით) და ასევე ადგილობრივი ეკონომიკა განვითარდება – აქ იგულისხმება ადგილბრივი ფერმერებისგან მათი ნაწარმის მოხმარება. ეს უნდა იყოს, ალბათ, სეზონური ხილი თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტი, მაგალითად, ადგილობრივი ლობიანი ან ხაჭაპური. ეს ხელს შეუწყოებს ეკონომიკის განვითარებას.“

ხალილი განმარტავს, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას დაინახა პოლიტიკური ნება და სურვილი, რომ პროგრამა სკოლებში ნამდვილად განხორციელდეს.

სამუშაო ჯგუფი სასკოლო კვების პროგრამის კონცეფციას უახლოეს ერთ თვეში შეიმუშავებს და წარუდგენს მთავრობას. სწორედ ამ კონცეფციაში იქნება ასახული კონკრეტული რეკომენდაციები და სასკოლო კვების კონკრეტული მოდელები, რომელთა დანერგვაც სკოლებშია შესაძლებელი. აქვე იქნება დეტალურად დათვლილი პროგრამის ხარჯები.

„პირველ რიგში კიდევ ერთხელ გავიმეორებ ,რომ  მე დავინახე პოლიტიკური ნება პრემიერ-მინისტრისგან , რომ ნამდვილად სურთ, ეს განხორციელდეს.

საბოლოო პროდუქტი, რომელიც უნდა დაიდოს, ეს იქნება კონცეფცია, ეს კონცეფცია წარედგინება პრემიერ-მინისტრს და გაიცემა რეკომენდაციები იუნისეფის კვლევის საფუძველზე. ჩვენ შევთავაზებთ რამდენიმე მოდელს და შემდეგ საბოლოოდ ეს სამოქმედო ჯგუფი გადაწყვეტს, რომელ მოდელზე შეჩერდნენ.

სასკოლო კვების მოდელებთან დაკავშირებით არის სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, ზოგიერთ ქვეყანაში არის, მაგალითად, ე.წ. ლანჩბოქსები ან ხემსი, ზოგიერთ ქვეყანაში, უბრალოდ, ხილს არიგებენ სკოლაში. ესეც არის გარკვეული მოდელი, თუმცა იუნისეფის რეკომენდაციაა და ამაზე პოლიტიკური მზადყოფნა დავინახეთ, სკოლებში დაინერგოს სკოლის სადილის მოდელი, რომელშიც იქნება საკვები ნივთიერებები და საჭირო ვიტამინები. ეს იქნება განხილვის საგანი, ბიუჯეტის საკითხი იქნება გათვალისწინებული და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ერთ თვეში ეს მოდელი იქნება შემუშავებული. სამეცნიერო ფაქტებზე დაფუძნებული.“