„ვერ ვხედავთ მთავრობას, ვერ ვხედავთ ღარიბაშვილს… დავიშალოთ დღეს. ვერ შედგა მთავრობის სხდომა“, – განუცხადა შოთა დიღმელაშვილმა მთავრობის კანცელარიასთან ჟურნალისტებს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ გარკვეული აქტივობები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება, თუმცა ამ ეტაპზე დიდი შეკრების კონკრეტულ თარიღს არ ასახელებენ.
დღეს დილიდან მთავრობის ადმინისტრაციის წინ „შინ ევროპისკენ” აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩნენ, დილით კი მთავრობის ადმინისტრაციის ეზოს შესასვლელთან გადაინაცვლეს.
„ჩვენ დავაყენეთ კონკრეტული მოთხოვნა და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ საჭირო იყო წნეხის გაზრდა ხელისუფლების მიმართ, ამიტომ გუშინ ღამე ჩვენ გავატარეთ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე და ვთქვით, რომ მთავრობას არ მივცემდით იმის შესაძლებლობას, ისევ უტიფრად ჩაეტარებინა მთავრობის სხდომა, როგორც ამას აკეთებს ყოველ ორშაბათს, 11 საათზე. ჩვენ მივაღწიეთ ამ მიზანს, რომ მათ არ მისცემოდათ შესაძლებლობა, შესულიყვნენ მთავრობის ადმინისტრაციაში და გასძღოლოდნენ სხდომას. ჩვენ ვფიქრობთ, სწორედ სახალხო მხარდაჭერითა და სიმრავლით შევძლებთ, შედეგამდე მისვლას.
პროტესტი, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, რადგან ეს საკითხი ეხება ევროინტეგრაციას და ჩვენს მომავალს, ამიტომ შეუძლებელია, ეს პროტესტი რაიმე ეტაპზე განელდეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მომდევნო დღეებშიც ვგეგმავთ აქტივობებს, თუმცა არ ვიჩქარებთ იმ ნაწილში, რომ კონკრეტული თარიღი დავასახელოთ დიდი შეკრებისთვის“, – უთხრა ჟურნალისტებს გიორგი მჟავანაძემ.
მისივე თქმით, მეტ დეტალს გეგმების შესახებ მედიას მოგვიანებით გააცნობენ.