პოლიციამ აქციის მონაწილეები კანცელარიის წინ მოედანზე გადაიყვანა, გაათავისუფლა შესასვლელი

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციის წინ „შინ ევროპისკენ” აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდებარე ტერიტორიაზე დარჩნენ, დილით კი მთავრობის ადმინისტრაციის ეზოს შესასვლელთან გადაინაცვლეს.

პოლიციამ მათ რამდენიმე წუთის წინ მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ ეზოში შესასვლელი გზა და გადასულიყვნენ კანცელარიის წინ მოედანზე. ამ ეტაპზე, აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ ძალის გამოყენებით გადაიყვანა ისინი მოედანზე და გაათავისუფლა ქვედა ტერიტორია.

„არავინ არ გაწიოთ წინააღმდეგობა. მაქსიმალური თანამშრომლობა უკანონო დაკავებასთან, ჩვენ გვაქვს კანონით მინიჭებული უფლება, ვიყოთ აქ და თუ დაგვაკავებენ, არ მივცეთ მიზეზი, ჩვენს წინააღმდეგ რაიმე სამხილი შეაგროვონ. ეს იქნება უკანონო დაკავება.

ამიტომ მოგიწოდებთ, დავჯგუფდეთ ერთად, ვიყოთ მჯდომარე პროტესტით. მოვლენ დასაკავებლად, არ გაუწიოთ წინააღმდეგობა. მაქსიმალურად ითანამშრომლეთ პოლიციასთან”, – გამოაცხადა შოთა დიღმელაშვილმა ამ მოვლენებამდე.


აქციის „შინ ევროპისკენ” მოთხოვნაა, გადადგეს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ჩამოყალიბდეს ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, რათა ქვეყანამ 6 თვის შემდეგ, კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად კრიტერიუმები დააკმაყოფილოს.