მჯდომარე პროტესტი კანცელარიის შენობასთან - დიღმელაშვილმა მოქალაქეებს აქციის გეგმა გააცნო

პუბლიკა

შოთა დიღმელაშვილმა „შინ ევროპისკენ“ აქციის მონაწილეებს აქციის გეგმა გააცნო. მისი თქმით, აქციის მონაწილეთა ნაწილი, ისინი, ვინც დარჩებიან ღამით რუსთაველის გამზირზე, დილით გადაინაცვლებენ მთავრობის სასახლესთან, სადაც მშვიდობიან, მჯდომარე პროტესტს გამართავენ.

დიღმელაშვილის თქმით, ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეებს ორგანიზატორები გამოსვლებით „თავს არ შეაწყენენ“ და ეს დრო შეუძლიათ გამოიყენონ „ერთმანეთთან, მეგობრებთან სასაუბროდ“.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილმა უკვე გადაინაცვლა „ქართული ოცნების“ ოფისთან. ნაწილი რუსთაველის გამზირზე რჩება და დილით მთავრობის კანცელარიასთან გამართავენ აქციას.

„რუსთაველის გამზირზე გვაქვს ინფრასტრუქტურა, რომ ეს ღამე მშვიდობიანად და წყნარად გავატაროთ. ბევრი საუბრით თავს არ შეგაწყენთ. ეკრანზე თავშესაქცევები გვაქვს. გამოვიყენოთ ეს დრო, რომ მშვიდად ვესაუბროთ ერთმანეთს, ჩვენს მეგობრებს. დილით ჩვენ ყველანი წავალთ და შემოვევლებით იმ ქაჯეთის ციხეს, მჯდომარე პროტესტით დავხვდებით მთავრობას, ღარიბაშვილს და შევასმენთ ჩვენს ხმას, რადგან აქედან არ ისმის. ეს არის არაძალადობრივი, მშვიდობიანი გამოხატვა. ეს საღამო გამოვიყენოთ ერთმანეთთან სასაუბროდ. მივალთ დილით და ავუხსნით, რაც აქედან ვერ ავუხსენით. ჩაგვხედოს თვალებში და გვითხრას, რატომ მიჰყავს ქვეყანა რუსეთისკენ“, – თქვა დიღმელაშვილმა.