უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის” ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამიამ საქართველოს ხელისუფლებას პროკრემლისტური უწოდა.
არახამიამ უპასუხა „ქართული ოცნების” 11 მარტის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მთავრობამ „უკრაინის მთავრობის მხრიდან საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე შეშფოთება გამოთქვა”.
საქმე ეხება საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და ყოფილი გენპროკურორის, ზურაბ ადეიშვილის ყოფნას უკრაინის ოფიციალურ დელეგაციაში ევროკავშირსა და გერმანიის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინასთან „ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ”.
დავით არახამია ტელეგრამ არხზე წერს:
„საქართველოს პროკრემლისტური ხელისუფლება „ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით“ გარკვეულ მოთხოვნებს აყენებს ჩვენი მოქალაქეების ექსტრადირებასთან დაკავშირებით.
თუ ჩვენ ნამდვილად ვსაუბრობთ „ნორმალიზაციაზე“, მაშინ გეგმა ასეთია:
- გაათავისუფლეთ ციხიდან და დააბრუნეთ უკრაინაში ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი.
- შეწყდეს პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციასთან, რასაც თავად ქართველი ხალხი ითხოვს.
- შეწყვიტეთ აგრესორის დახმარება სანქციებისგან თავის არიდებაში.
- მაშინ ურთიერთობების ნორმალიზაცია მარტივად მოხდება”.
უკრაინის დელეგაციასთან ერთად ზურაბ ადეიშვილის გერმანიასა და ევროკავშირში ვიზიტს „ქართული ოცნება” რამდენიმე დღეა, კამპანიურად აკრიტიკებს.
ვრცელი განცხადების გარდა, რომელიც მთავრობამ გაავრცელა, მმართველი პარტიის წევრებმა მსგავსი შინაარსის არაერთი განცხადება და კომენტარი გააკეთეს.
ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს ოფიციალურად გადასცა „შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ზურაბ ადეიშვილი ევროკავშირსა და გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა და კონფერენციებში მონაწილეობდა”. ორივე დიპლომატს მინისტრი ილია დარჩიაშვილი საგარეო უწყებაში შეხვდა.
ხოლო გენერალურმა პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, გერმანიის და ბელგიის შესაბამის უწყებებს მიმართა.