დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი: საგუშაგოს გახსნაზე ინფორმაცია მედიით გავიგე

პუბლიკა

დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი დავით სუჯაშვილი, რომელიც ჩორჩანის ეპიზოდზე პროკურატურაში გამოიკითხა, აცხადებს, რომ საგუშაგოს გახსნაზე ინფორმაცია მედიიდან გაიგო.

„საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მქონდა, მედიის საშუალებით გავიგე.

დაზვერვის სამსახური, ისევე როგორც სხვა სპეციფიკური სამსახურები, მუშაობენ თავიანთ ჩარჩოებში. ის სადაზვერვო ინფორმაციას მოიპოვებს საზღვრებს მიღმა და აქტიურად არის ჩართული არაღიარების მიმართულებით. ამიტომ ეს ინფორმაცია რომ არ მქონდა, პრობლემას ვერ ვხედავ. საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია ღია წყაროებიდან გავიგე, კარგი იქნებოდა, რომ მანამდე მცოდნოდა…

[…] რაც მე ინფორმაცია მაქვს, საგუშაგოს გახსნით მოსახლეობა რთულ სიტუაციაში ჩავარდა, რუსეთის ფედერაციამ დამატებითი საგუშაგოები გახსნა და სამეთვალყურეო საშუალებები დაამონტაჟა, ეს ჩემთვის ძალიან დიდი პრობლემაა.

აქ პოლიტიკას შეიმუშავებს და ახორციელებს სუსი. როგორ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ერთი უწყება, თუ მეორე უწყება რაღაც საქმიანობას ახორციელებს, ისე რომ არ აყენებდეს საქმის კურსში მას, ვინც საქმის კურსში უნდა იყოს. ვალდებულება არ ჰქონდათ, რომ მათ დაზვერვის სამსახურისთვის ეთქვათ, ჩვენი სპეციფიკა სულ სხვაა, მაგრამ კარგი იქნებოდა, გვცოდნოდა”, – განაცხადა დავით სუჯაშვილმა.


პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.

უწყება ამბობს, რომ ამ გამოძიების ფარგლებში, სხვა საკითხებთან ერთად, შეისწავლიან 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ „განხორციელებულ ქმედებას“.

უწყებამ გამოჰკითხა ადგილობრივები, ასევე შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი და გახარიას ყოფილი თანაპარტიელი გიორგი ხოჯევანიშვილი, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი.,„ოცნების“ დეპუტატი ალექსანდრე ტაბატაძე და „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, კახა კახიშვილი, ასვე ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური.

ამ საკითხზე გიორგი გახარიას კითხვები დაუსვეს თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე. „ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პოზიციაა, რომ გახარიამ საგუშაგო ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე აღმართა, არ გაიარა სათანადო პროცედურები და რომ ეს სუსმა „შეიტყო ოსებისგან ცხელი ხაზით“. გახარია ამბობს, რომ „ყველამ ყველაფერი იცოდა“.

ვრცლად – რა ვიცით ჩორჩანის საგუშაგოზე წაიკითხავ „პუბლიკის“ მასალაში ბმულზე.