დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო აცხადებს, რომ ნაურუზე უპრეცედენტო ზეწოლა მოხდა

პუბლიკა

დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებასთან დაკავშირებით ნაურუს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ ეს გადაწყვეტილება იძულებით, უპრეცედენტო და სისტემატური საგარეო ზეწოლის პირობებში იქნა მიღებული.

ე.წ. სამინისტროს განცხადებით, 2009 წლის 15 დეკემბერს ნაურუს მხრიდან „აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარების“ შემდეგ მათ შორის ორმხრივი ურთიერთობები მუდმივად ვითარდებოდა, რასაც საქართველო და მისი დასავლელი პარტნიორები ეწინააღმდეგებოდნენ.

დე ფაქტო უწყების მტკიცებით, ნაურუს წინააღმდეგ აგრესიული საგარეო ზეწოლის კამპანია იყო გაჩაღებული, ამოქმედდა „ზეწოლისა და იძულების მიუღებელი მეთოდების მთელი არსენალი უცერემონიო პოლიტიკური შანტაჟიდან და უხეში დიპლომატიური ზეწოლიდან დაწყებული, ღია საფინანსო-ეკონომიკური რეპრესიებითა და სადამსჯელო სანქციებით დამთავრებული“.

დე ფაქტო უწყება წერს, რომ ნაურუს რესპუბლიკის გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ იყო ხანგრძლივი, სისტემატური პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლის პირდაპირი შედეგი, რომელიც „მიმართული იყო აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო კავშირების შეზღუდვისა და სუვერენული სახელმწიფოს მიერ მიღებული დამოუკიდებელი გადაწყვეტილების გადახედვისკენ.“

„წლების განმავლობაში სახელმწიფოები, რომლებიც ინარჩუნებენ დიპლომატიურ ურთიერთობებს აფხაზეთის რესპუბლიკასთან, აწყდებიან საგარეო ზემოქმედებას, რომლის მიზანია დამოუკიდებლად განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკურ კურსზე უარის თქმა.

ასეთი ზეწოლის წინაშე განსაკუთრებით მოწყვლადნი აღმოჩნდებიან მცირე სახელმწიფოები, რომელთაც შეზღუდული რესურსები გააჩნიათ მასშტაბური პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური გავლენის ინსტრუმენტებისგან თავის დასაცავად.

მსგავსი პრაქტიკა ეწინააღმდეგება გაეროს წესდების ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის სახელმწიფოების სუვერენული თანასწორობისა და მათ შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებს.

ეს მოწმობს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში არსებულ საგანგაშო ტენდენციებზე, როდესაც თანასწორუფლებიანი დიალოგის სანაცვლოდ სულ უფრო ხშირად გამოიყენება პოლიტიკური ზეწოლა, ხოლო გეოპოლიტიკური კონიუნქტურა იწყებს დომინირებას საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე.

ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ზეწოლის, მუქარის, ეკონომიკური იძულებისა და ხელოვნური იზოლაციის მცდელობის პოლიტიკას არ ძალუძს არსებული პოლიტიკური რეალობის შეცვლა.

აფხაზეთის რესპუბლიკა ერთგული რჩება კურსისა, რომელიც მიმართულია საკუთარი საერთაშორისო სუბიექტობის განმტკიცებისკენ, ეროვნული ინტერესების დაცვისკენ და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებისკენ იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც იზიარებენ სუვერენული თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს“, – აღნიშნულია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.


ნაურუმ ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმებთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა.

ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისე ნაურუს მხარემ.

ქართული საგარეო უწყება წერს, რომ მიესალმება გადაწყვეტილებას, რომელიც ნაურუმ 2026 წლის 21 ივლისს მიიღო.

განცხადება გააკეთა მაკა ბოჭორიშვილმაც და თქვა:

„თავის დროზე, როდესაც ნაურუს მიერ გადაწყვეტილება იყო მიღებული დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, ეს იყო საერთაშორისო სამართლისა და ნორმების უხეში დარღვევა. რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით სხვადასხვა პარტნიორთან იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება უკან ყოფილიყო წაღებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო პერიოდში განხორციელებული მუშაობა, რისი შედეგიც არის დღევანდელი გადაწყვეტილება“.


რუსეთმა რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის სექტემბერში გამოაცხადა, საქართველოში რუსეთის ომიდან რამდენიმე კვირაში.

ცხინვალის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა მსოფლიოს სულ 5 ქვეყანას აქვს აღიარებული, მათ შორის რუსეთთან ერთად აარის სირია, ასევე ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ.