დეკანოიძე და სამნიძე: ზოგიერთი ოპოზიციონერი პარტნიორებისგან სტატუსის გადავადებას ითხოვს

პუბლიკა

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები, ხატია დეკანოიძე და ხათუნა სამნიძე ამბობენ, ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ევროპელი პარტნიორებისგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გადავადებას ითხოვენ.

მათ კონკრეტული გვარები არ დაუსახელებიათ.

ხათუნა სამნიძის თქმით, „როგორც ჩანს, ოპოზიციის ნაწილი პარტნიორებთან მხოლოდ საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს”.

„პარტნიორებმა მოგვმართეს რამდენიმე ადამიანს, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ არ არის ერთიანი გზავნილი, მაგალითად, ოპოზიციური ფლანგიდან, მივიღე გადაწყვეტილება, რომ უნდა ვისაუბროთ საჯაროდაც. არ ვიტყვი, რა არგუმენტებით საუბრობენ უცხოელ პარტნიორებთან ოპოზიციის ნაწილი რამდენიმე ოპოზიციური ფიგურა. როგორც ჩანს, ისინი საუბრობენ მხოლოდ საკუთარი პარტიული ინტერესებიდან, ეს არის პრობლემა, ჩემი აზრით. ჩემი საქმე არ არის სახელის და გვარების დასახელება. არც ის არის სწორი, რომ პარტნიორებმა დაასახელონ სახელები და გვარები”. – ამბობს სამნიძე.

მისივე განცხადებით, შეხვედრები დახურულ კარს მიღმა ტარება და ყველა იცავს შინაარსის არგასაჯაროების პირობას.

„ამიტომ, მე მოვუწოდებ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგებს, შეწყვიტონ ასეთი ტიპის გზავნილები და საუბრები საერთაშორისო პარტნიორებთან და ყველანი ვიყოთ ერთიანი ერთ მთავარ გზავნილში, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი დათქმებით, მაგრამ ახლავე, არავითარი გადავადება”. – თქვა ხათუნა სამნიძემ.

ხატია დეკანოიძემ კი განაცხადა, რომ პარტნიორებს ის ხათუნა სამნიძესთან ერთად ელაპარაკა, შესაბამისად, კოლეგის ნათქვამს ადასტურებს.

გვარები არც მან დაასახელა.

” მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ არაერთგვაროვანი პოზიცია გასაგებია, მათ შორის, სხვადასხვა ადამიანები ვართ და სხვადასხვა იდეოლოგიას წარმოვადგენთ, მაგრამ ერთნაირი გზავნილი კანდიდატის სტატუსისთვის, ეს იქნებოდა საქართველოსთვის გადამწყვეტი”. – თქვა ხატია დეკანოიძემ.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინას EU-ს წევრობასთან დაკავშირებით ევროკომისიისგან დადებითი რეკომენდაცია აქვს. Reuters-ს ინფორმაცია წყაროებმა მიაწოდეს.

ევროკავშირში გაწევრების შესახებ დადებით პასუხს შეიძლება ახლდეს გარკვეული პირობები, რომლებიც კორუფციასთან ბრძოლას და უმცირესობების უფლებებს შეეხება. ეს საკითხი უნგრეთმა წამოჭრა.

ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, საბოლოო გადაწყვეტილება კი 14-15 დეკემბერს, სამიტზე გამოცხადდება.

მოსალოდნელია, რომ ანალოგიურად დადებით შეფასებას მიიღებს მოლდოვა.

ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ იღებს.

რაც შეეხება საქართველოს – ევროკომისიას ჯერაც არ მიუღია გადაწყვეტილება, მიანიჭოს თუ არა ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოსთან დაკავშირებით კი მისი „ევროპული პერსპექტივა” აღიარა. ევროკომისიამ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი დავალება მისცა.

საქართველოში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების 15 სექტემბრის შეფასებით: ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, მეტწილად შესრულებულია – ორი; ნაწილობრივ შესრულებულია შვიდი პირობა და კვლავ შესასრულებელია ევროკავშირის ორი პირობა (დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია).