პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს. ცვლილებების ამოქმედების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება, რომ საგანგებო მდგომარეობის შემდეგ მთავრობამ საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში რიგი შეზღუდვები დააწესოს.
პლენარულ სხდომაზე დეპუტატების ნაწილმა აღნიშნული კანონპროექტი კრიტიკულად შეაფასა.
დეპუტატ ეკა ბესელიას აზრით, „ამ კანონპროექტს არც ფორმა უვარგა და არც შინაარსი. ის კონსტიტუციას პირდაპირ ეწინააღმდეგება… რატომ მოხდა, რომ არც იურიდიულმა და არც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა არ განიხილა ეს კანონპროექტი?, რატომ ჩქარობთ ასე, როცა შეიძლებოდა, ამ ინიციატივის უფრო გააზრებულად განხილვა, ბევრად უფრო ადრე შემოტანა და მისთვის მთავარი კომპონენტის დამატება – რომ პარლამენტის კონტროლით მოხდეს [მთავრობაზე] ამ უფლების დელეგირება. რატომ არის ისე, რომ ამ კანონპროექტით ისეთი ძირითადი უფლებები იზღუდება, რომლებიც მხოლოდ საომარი ან საგანგებო მხდომარეობის დროს შეიძლება შეიზღუდოს. ასეთი არის – მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრების უფლება, პიროვნების თავისუფლების ხელშეუხებლობა, პირთა შეკრების უფლება და ა.შ. ეს არის ის კონსტიტუციური გარანტიები, რომლებიც მასიურად იზღუდება მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტის თანხმობით… რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მთავარი პრინციპი, რის გამოც უმეტესობა აკრიტიკებს ამ პროექტს, არის, ის, რომ კონსტიტუციურად იმიტომ არის კონსტიტუციის დანაწილების პრინციპი, რომ მთავრობას პარლამენტის გარეშე არ ჰქონდეს ასეთი შეზღუდვების გამოყენების უფლება და პარლამენტმა მისი გამოყენების საწყის ეტაპზევე იმსჯელოს. ეს პროექტი ეწინააღმდეგება მთავარ პრინციპს საპარლამენტო ქვეყანაში, რომ პარლამენტი იყოს მაკონტროლებელი”.
დეპუტატი თინა ბოკუჩავა: „როდესაც ამგვარი შეზღუდვების დაწესება ხდება უვადოდ, ბლანკეტურად, და პარლამენტის როლის სრული ნიველირებით, ამგვარი კანონის მიღება არის პანდემიასთან ბრძოლის საფარქვეშ მთავრობისთვის ავტოკრატიული უფლებამობისლების მინიჭების მცდელობა”.
დეპუტატი გიგა ბოკერია: „ჩემი შეფასებები გვერდზე გადადეთ და თქვენს კოლეგებს აუხსენით, რატომ უნდა თქვან უარი იმ ძალაუფლებაზე, რაც მათ ხალხმა მიანიჭათ?! საგანგებო მდგომარეობის და მასთან დაახლოებული კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა თუ საჭიროა, მთავრობამ მათ უნდა ჰკითხოს. ამაზე რატომ უნდა ვთქვათ უარი?”.
დეპუტატი ნინო გოგუაძე: „იმ ცვლილებებით, რომლებიც თქვენ გაქვთ წარმოდგენილი, ის უფლებამოსილება, რაც პარლამენტს კონსტიტუციამ მოგვანიჭა, უფლებების შეზღუდვის ნაწილში გადავცემთ მთავრობას. ესაა ყველაზე მთავარი, რომ საქართველოს კონსტიტუციას მთავრობითვის ასეთი უფლებამოსილება არ მიუნიჭებია…”.
დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი: „ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს კანონპროექტი არის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან. ეს არის ძალიან ნათელი და ამაზე კამათს აზრი არ აქვს… დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მალევე გააუქმებს ამას, რადგან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს აუცილებლად გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი.
კანონის დღეს მოქმედ რედაქციაში ისედაც არის ჩანაწერი საკარანტინო ღონისძიებებზე და აღნიშნულია სხვადასხვა ვალდებულება ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის. ჩემი კითხვა არის – რას ფიქრობთ, რისი შეზღუდვა გინდათ და რას არ ფარავს უკვე არსებული ჩანაწერები? და რატომ არის ის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უნდა დავარღვიოთ ფუნდამენტი ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილების გადანაწილების?!”.
გაეცანით არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებს ამავე თემაზე:
► დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანის უფლებების დარღვევის რისკებს შეიცავს – EMC;
► საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავი ღონისძიებები არაკონსტიტუციურია – TI;
► აუცილებელია ამ შეზღუდვების დაწესება პარლამენტის ნებართვით ხდებოდეს – გოცირიძე;