ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტი თბილისში გრძელდება. 8 ადამიანი, რომლებმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და უკვე რამდენიმე დღეა შიმშილობენ, 30 მაისიდან თბილისში ჩამოვიდნენ. მათგან რამდენიმეს პირი აქვს ამოკერილი, მათ შორის – სამ ქალს.
შუქრუთელი პროტესტის მონაწილეები ამერიკის საელჩოსთან არიან და სახელმწიფოსგან ყურადღებას მოითხოვენ. გუშინ მათ შეხვდა ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი. როგორც პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე „პუბლიკასთან“ ამბობს, საელჩოს წარმომადგენელი მათ დაჰპირდა, რომ მიადევნებს ამ საკითხს თვალყურს, თუმცა რამე კონკრეტული პასუხი ჯერ საელჩოდან არ არის, ისევე, როგორც სახელმწიფო უწყებებიდან.
შიმშილობისა და პროტესტის უკიდურესი ფორმის გამო, შუქრუთელების ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. დღეს კიდევ 2 ადამიანი გახდა ცუდად და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საელჩოსთან საჭირო. როგორც დღეს ერთ-ერთმა „პუბლიკას“ უთხრა, წუხელაც გახდა ცუდად ერთ-ერთი მოშიმშილე, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს მაგრამ იქ დარჩენა არ ისურვა და დღეს ისევ პროტესტის ადგილას დაბრუნდა, თუმცა კვლავ ცუდად გახდა.
შუქრუთელები სახელმწიფოსგან ყურადღებას მოითხოვენ, რადგან, მათი თქმით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ მოლაპარაკების ყველა რესურსი ამოწურულია. ისინი მოითხოვენ ადეკვატურ კომპენსაციას, მანამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
შუქრუთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი ხდება; ზიანდება სახლები, ნიადაგი და ნაკვეთები; იკარგება საერთო სავარგულები, ბუნებრივი თუ მატერიალური რესურსი. ისინი მოითხოვენ, ანაზღაურდეს შუქრუთის მოსახლეობის ზარალი ისე, რომ მათ სხვაგან გადასვლა და ცხოვრება შეძლონ.