შუქრუთიდან თბილისში | შიმშილობა და პროტესტი ამოკერილი პირით გრძელდება

სოფო აფციაური

შიმშილობის მეოცე დღეს, მას შემდეგ, რაც ჭიათურის სოფელ შუქრუთის რვა მოსახლემ  პირი ამოიკერა, თუმცა  მთავრობისგან პასუხი ვერ მიიღო, მოშიმშილეები თბილისში ჩამოვიდნენ.

8 მოშიმშილემ, რომელთა შორის სამი ქალია, შუქრუთიდან თბილისში აშშ-ის ელჩთან შეხვედრის მიზნით გადმოინაცვლა. ამბობენ, რომ ასე მეტი შანსია, მთავრობისა და საზოგადოების ყურადღება მიიპყრონ.

აშშ-ის საელჩოს დაცვის თანამშრომლებმა მათ სთხოვეს, პროტესტი საელჩოს ეზოს გარე ტერიტორიაზე გაემართათ. პარალელურად, ადგილზე მოვიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლებმაც რვავე მოშიმშილეს ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწია. პოლიციამ კი მოშიმშილეებს კონკრეტული ადგილი გამოუყო გასაჩერებლად, თუმცა კარვების გაშლის საშუალება არ მისცა. თავდაპირველად, პოლიციის თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ეს საელჩოს მოთხოვნა იყო. შემდეგ კი, აღნიშნეს, რომ ამით „ქალაქის იერ-სახე ილახებოდა“.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის, გიორგი ნეფარიძის სიტყვებით, რადგან მთავრობის ყურადღება ვერ მიიქციეს, ამიტომ გადაწყვიტეს, შუამდგომლობა და დახმარება აშშ-ის ელჩს სთხოვონ:

„უკვე 20 დღეა, პროტესტის უკიდურეს ფორმას მივმართავთ, შიმშილობის პარალელურად, პირი გვაქვს ამოკერილი. მთავრობისგან ელემენტარული ყურადღება არ გვიგრძნია. სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მეტად უსმენენ, ამიტომ იქნებ კელი დეგნანს მოუსმინონ“.

„სანამ ამ ამბავს ვინმე არ შეეწირება, მანამდე ყურადღებას არ მოგვაქცევენ“, – ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე ქალი, ვერა კუპატაძე.

შუქრუთის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ჭიათურაში, მაღაროების მფლობელი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ წლებია ეწევა საქმიანობას და ისე მოიპოვებს მადანს, რომ სოფელში ცხოვრება შეუძლებელია. დაზიანებულია მათი საცხოვრებელი სახლები, ნაკვეთები და საძოვრები.

მოითხოვენ, მთავრობამ უზრუნველყოს  პროცესში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ჩართვა, რომელიც კომპანიის მიერ მიყენებულ ზარალს შეაფასებს და მოსახლეებს მას აუნაზღაურებს.

მოშიმშილეები 2019 წლიდან საუბრობენ ამ პრობლემაზე და ამ დროიდან მოყოლებული კოროხნალის მაღაროს მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები აქვთ მოწყობილი. ეს კარვები მაღაროს ცენტრალური სავენტილაციო სისტემის ქვეშაა გაშლილი. ვენტილაცია დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ ერთი საათით ჩერდება. დანარჩენი დრო კი ირგვლივ გაუსაძლისი ხმაურია.

ამ ოცი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოუწია საჩხერის სასწრაფო სამედიცინო სამსახურს მოშიმშილეების საავადმყოფოში გადაყვანა. სამედიცინო დახმარება  აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზეც დღეს რვავე მოშიმშილეს დასჭირდა.

კაცებთან ერთად, როგორც აღვნიშნეთ, პირი სამ ქალს აქვს ამოკერილი. ვერა კუპატაძე ერთ-ერთი შუქრუთელია, რომელიც „პუბლიკასთან“ საუბრობს, რამდენი ძალისხმევა ჩადო, რომ მის ოჯახს სოფელში საცხოვრებელი სახლი მოეწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც შუქრუთში ვახტური წესით მადნის მოპოვება დაიწყეს და სოფელში 14-მდე გვირაბი გაითხარა, და ამისთვის პარალელურად მუდმივად აფეთქებები მიმდინარეობდა, სახლს ბზარები გაუჩნდა და ნელ-ნელა საცხოვრებლად საშიში გახდა:

„მომეშალა ჭურ-მარანი, ბოსელი მთლიანად დამეშალა. ერთხელ იმხელა ღარი გაჩნდა, ჩვენ თვითონვე ამოვავსეთ და ბეტონი დავასხით. 15 წელი სოფელს არაფერი დაემართებაო. როგორ უტრიალდებათ ენა ამას რომ გვეუბნებიან? 15 წელი კი არა, შეიძლება ერთი წელიც ვეღარ გაძლოს სახლმა ასეთ მიწაზე“, – ვერა კუპატაძე აქციის განმავლობაში რამდენიმე მუქარაზეც საუბრობს. ჰყვება, რომ უცნობმა პირმა დაურეკა და მის ოჯახს დაემუქრა: „112-ში განვაცხადე ამის შესახებ და ველოდები გამოძიებას“.

20 მაისს კომპანიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ შპს „შუქრუთი“ („ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორი) მზად იყო, ექპერტიზა ჩაეტარებინა და რამდენიმე მოსახლისთვის ზიანი აენაზღაურებინა, თუკი მოსახლეობასთან მოლაპარაკებების პროცესი სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლებდა. მაგრამ შუქრუთელები ამას პროცესის დროში გაწელვად აფასებენ და წინააღმდეგნი არიან.

სანამ მოშიმშილეები მთავრობისგან პასუხს მიიღებენ, შიმშილობას თბილისში, აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიასთან გააგრძელებენ. იმის გამო, რომ მათ პოლიციამ კარვების გაშლის საშუალება არ მისცა, ღამეს სამარშუტო ტაქსიში გაათევენ, ხვალ კი ელჩთან შეხვედრას შეეცდებიან.