„დღეს კვლავ შევიკრიბებით და მოვაწყობთ უფრო დიდ და უფრო ლამაზ მწვანე სივრცეს“ – აქტივისტები

პუბლიკა

„დღეს 20:00 საათზე კვლავ შევიკრიბებით და მოვაწყობთ უფრო დიდ და უფრო ლამაზ მწვანე სივრცეს“, – „ანას ბაღთან“ დაკავშირებით აქტივისტები facebook-გვერდზე კიდევ ერთ შეკრებას აანონსებენ.

ორი დღის წინ, ღამით, ვარკეთილში „ანას ბაღის“ მიმდებარედ „პარტიზანმა მებაღეებმა“, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, პარტიზანული სკვერი მოაწყვეს და ხეები დარგეს. მოწყობილი სკვერი კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს დილით აშალეს. ამის საპასუხოდ, „პარტიზანმა მებაღეებმა“, სამოქალაქო აქტივისტებმა და „ანას ბაღის“ მხარდამჭერებმა მერიის წინ აქცია გამართეს, მოგვიანებით კი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია დააანონსეს. 

„შაბათ ღამე ჩვენს მიერ პარტიზანულად მოწყობილი ძალიან ლამაზი სკვერი, 150 ძირი ნარგავით დღეს ვანდალურად გაანადგურეს. ჩვენ დღეს 20:00 საათზე კვლავ შევიკრიბებით და მოვაწყობთ უფრო დიდ და უფრო ლამაზ მწვანე სივრცეს. ქალაქის მტერს კახა კალაძეს ძვირად დაუჯდება ეს ვანდალიზმი. რუსეთის სპეცსამსახურებს საქართველოში შემოაქვთ შავი ფული და აქ აწარმოებენ ბიზნესსაქმიანობას, კახა კალაძე კი მათ მფარველობს. საქმე აღარ ეხება მხოლოდ ერთ კონკრეტულ სკვერს, ერთ კონკრეტულ უბანს ან ქალაქს, ეს უკვე სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხია. მოგიწოდებთ ყველას, მოდით, ვანახოთ, ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა. 20:00 საათზე ანას ბაღში აღვადგინოთ სკვერი და სართლიანობა”, – წერია პოსტში „ანას ბაღის გადასარჩენად” facebook-გვერდზე.