დღეს სააკაშვილს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება, რომელსაც პირადი ექიმიც დაესწრება - ინსპექტორის სამსახური

პუბლიკა

გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე მივიდა.

მისი თქმით, დღეს მოხდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და ასევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც მონაწილეობას მისი პირადი ექიმიც მიიღებს.

„შეთანხმებულები ვართ პენიტენციურ სისტემასა და ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან, რომ მათთვის მისაღები ფორმით განხორციელდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა. შემოთავაზებულია ისეთი ფორმა, რომელზეც ისინი თანხმობას აცხადებენ. დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც უნდა ჩატარდეს დღეს, მასში მონაწილეობას მიიღებს მიხეილ სააკაშვილის მიერ მოწვეული სპეციალისტი.

… სამედიცინო სახის ექსპერტიზაზეა საუბარი, რომლის საშუალებითაც მოხდება მისი სხეულის გარეგანი დათვალიერება და ამის შემდეგ, ექსპერტი შესაბამის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გასცემს,” – განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა გიორგი მიქელაძემ.


სახელმწიფო ისპექტორის სამსახურმა, სახალხო დამცველის აპარატიდან შესული შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ინსპექტორის განცხადების მიხედვით, სააკაშვილთან დაიგეგმება საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზა.

ასევე, ინსპექტორმა უკვე მიმართა პენიტენციურ სამსახურს,  №12  დაწესებულებიდან №18 დაწესებულებაში ტრანსპორტირების ამსახველი ვიდეოჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მათი გამოთხოვის მიზნით.

8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სახალხო დამცველის წარმომადგენელი და თავად ომბუდსმენი ნინო ლომჯარია შეხვდნენ.

როგორც ისინი აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილმა მათ განუცხადა, რომ გლდანის ციხეში მიყვანის შემდეგ სასწრაფო დახმარების მანქანიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანეს და შეასახლეს N18 დაწესებულებაში.

ამასთან, იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული ტექნიკაც.