დღეს საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს უყრის კენჭს

პუბლიკა

დღეს საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმებით, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“, მანამ, სანამ არ გათავისუფლდება გიორგი რურუა.

20 ივნისს თავისი გადაწყვეტილება შეცვალა „ევროპულმა საქართველომ“, რომელიც ბოიკოტს პირველი მოსმენისთვის შეწყვეტს და საკონსტიუციო ცვლილებების განხილვასა და კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ კი განაცხადა, რომ ამჯერად „ქართული ოცნების“ 92 დეპუტატი ცვლილებებს მხარს დაუჭერს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით კი, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის რისკი მიზერულია, რადგან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარეშეც, 117 დეპუტატს აქვს დადასტურებული ცვლილებების მხარდაჭერა. კონსტიტუციაში ცვლილებების მისაღებად 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.