„ვმუშაობთ COVAX პლატფორმასთან, მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკება. ამავდროულად საბჭოს დავალებაა და ვმუშაობთ ვაქცინის პირდაპირ შესყიდვებზე რამდენიმე კომპანიასთან, “- ამის შეასახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, COVAX პლატფორმა, სადაც დაახლოებით 170 ქვეყანაა გაერთიანებული, არა კონკრეტულად ერთ ვაქცინას შეისყიდის, არამედ, შეიძენს რამდენიმე მილიარდ ვაქცინას Oxford-ის, AstraZeneca-ს, Pfizer-ის, GlaxoSmithKline-ის და სხვა მწარმოებლებისგან, საქართველოს კი არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება, ვინაიდან, წინასწარი შენატანი აქვს გაკეთებული.
„ჯერჯერობით ვაქცინაცია დააანონსეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც თვითონ აწარმოებენ ვაქცინებს, მათ შორისაა აშშ, ბრიტანეთი, გერმანია და ასევე საფრანგეთი, რომლის ერთ-ერთი ცნობილი ფრანგული ფირმა ასევე მალე განაცხადებს ვაქცინის მზადყოფნაზე. ამ ეტაპამდე, არც ერთი ვაქცინა არ არის დამტკიცებული არც FDA-ის მიერ, არც ევროპის წამლის სააგენტოსა და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ამას ელოდებიან ძირითადად დეკემბრის შუა რიცხვებში, 15-დან 20-მდე, თუმცა არსებობს ე.წ. დამტკიცების ფორმა ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების შესახებ, ე.წ. Emergency Use – ასეთი ფორმა აქვთ FDA-ის, ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რომლებმაც შეიძლება მისცენ ვაქცინას მწვანე გზა დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ, ამიტომ შესაძლებელია ამ ქვეყნებმა დაიწყონ.
რაც შეეხება საქართველოს, შეძენილი იქნება არა კონკრეტულად ერთი ვაქცინა, არამედ Oxford-ის, AstraZeneca-სი, Pfizer-ის, GlaxoSmithKline-ის და სხვ. კარგი გადახდის პირობები გაკეთდა COVAX პლატფორმასთან, ჩვენ გადავიხადეთ 4.5 მლნ-ზე ცოტა მეტი წინასწარი შენატანი, მაგრამ იმ პირობით, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა, ანუ რასაც გიკარნახებენ იმას კი არ შემოიტან, არამედ შენით აირჩევ.
დიდი ალბათობით, ჩემი გადასახედიდან, სადღაც მარტი-აპრილისთვის იქნება ჩვენთან, მაგრამ ამავდროულად საბჭოს დავალებაა და ჩვენ ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზე, გარდა COVAX პლატფორმისა, რამდენიმე კომპანიასთან. ასევე, ჩვენი საელჩოების მეშვეობით ვმუშაობთ რამდენიმე ქვეყანასთან, მწარმოებლებთან,“ -განაცხადა ამირან გამყრელიძემ.