დოლიძე ოპოზიციას სთავაზობს, სადაც უმრავლესობა აქვს საკრებულოში, დააყენოს მერის იმპიჩმენტის საკითხი

პუბლიკა

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ დღეს ბრიფინგზე ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა სამოქმედო გეგმა – „სახალხო იმპიჩმენტი“, რომლის საშუალებითაც,  თვითმმართველობის კანონმდებლობის გამოყენებით, ოპიზიციას შეუძლია, მერის იმპიჩმენტის საკითხი დასვას იმ რაიონებში, სადაც საკრებულოს უმრავლესობა აქვთ მოპოვებული.

„ჩვენ ოპოზიციას დღეს ვთავაზობთ სამოქმედო გეგმას, რომელსაც ვუწოდებთ „სახალხო იმპიჩმენტს“. თვითმმართველობის კანონმდებლობის გამოყენებით, იმ რაიონებში, სადაც ოპოზიციას საკრებულოში აქვს უმრავლესობა, აქვს შესაძლებლობა, დააყენოს მერის იმპიჩმენტის საკითხი. ეს რაიონებია: ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, მარტვილი,  ჩხოროწყუ, სენაკი.

ასევე, თუ საკრებულო ამას არ გააკეთებს, მოსახლეობის 20 პროცენტს აქვს საშუალება, დააყენონ მერის იმპიჩმენტის საკითხი. საბოლოო ჯამში, იმპიჩმენტის პროცესები, ამასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება, საკრებულოს გადაწყვეტილება მისცემს სიგნალს ხელისუფლებას და ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ მსგავსი ქცევა, არჩევნების მორიგჯერ ღიად მოპარვა მიუღებელია, რომ ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი არის ოპოზიციურად განწყობილი და ვითარება მომწიფებულია ვადამდელი არჩევნებისთვის. სახალხო იმპიჩმენტები იმ ქალაქებში, სადაც მოსახლეობის ოპოზიციური განწყობა არის დომინანტური, არის საშუალება, ხელისუფლებას გავაგებინოთ, რომ დროა, გადაანაწილოს ხელისუფლება და ამისთვის ვადამდელი არჩევნები დანიშნოს“, – განაცხადა ანა დოლიძემ „პირველი არხის“ ცნობით.