„ძალიან გამიკვირდა, ეს კითხვა რომ დაისვა“ – ჩხენკელი ნაცვლიშვილს პასუხობს

პუბლიკა

„ძალიან გამიკვირდა, ეს კითხვა რომ დაისვა“, – განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის შეკითხვის პასუხად.

მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტი განათლების მინისტრს უსმენს. ანა ნაცვლიშვილმა მინისტრის გამოსვლა რეალობას აცდენილად შეაფასა და შეკითხვა დასვა ჩიკაგოს უნივერსიტეტთან დადებული ხელშეკრულების შესახებ და თქვა, რომ მინისტრი საუბრობს ბირთვულ კვლევებზე, როცა ქვეყანაში, რომლის სკოლების დიდ ნაწილში არ არის ტუალეტში წყალი, ბავშვები არიან მშივრები და ძალადობის და სოციალური ფონის გამო უწევთ სკოლების დატოვება.

მიხეილ ჩხენკელმა დეპუტატს „ბირთვული კვლევების“ მნიშვნელობა განუმარტა:

„ეს არ არის ჩვეულებრივი ცენტრი. ადრონული თერაპიის ცენტრში დანერგილი იქნება პროტონული თერაპიის მიდგომა, რაც საქართველოში საერთოდ არ არსებობს, ჩვენს რეგიონში ეს საერთოდ არ არსებობს. ყველაზე ახლო  ცენტრი ამ მიმართულებით არის ეგვიპტეში.

ჩვენთან იქნება ყველაზე თანამედროვე ციკლოტრონი პროტონული თერაპიის. სხვა სხივური თერაპიისგან განსხვავებით, პროტონული თერაპიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც ასხივებთ, სიმსივნის უჯრედი ნადგურდება და არ ნადგურდება ჯანსაღი უჯრედი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნით დაავადებული ბავშვების მკურნალობისთვის, შესაბამისად, მისი მნიშვნელობა არის სიმსივნით დაავადებული ბავშვების სიცოცხლის შენარჩუნება. დარწმუნებული ვარ, ყველა ვთანხმდებით, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. ამიტომ ვაქცევთ ჩვენ ამას დიდ ყურადღებას, პარალელურად გვექნება მეორე ციკლოტრონი, სადაც ამ მიმართულებით – პროტონული თერაპიის, ფლაშ თერაპიის კუთხით მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ჩამოდიან და ქართველ მეცნიერებთან ერთად იქნება აქტიური სამეცნიერო კვლევითი პროცესი ქუთაისში. ეს ქუთაისს და მთელ საქართველოს სვამს მსოფლიო სამეცნიერო კვლევით და აკადემიურ რუკაზე“, – განაცხადა ჩხენკელმა.

განათლების მინისტრი ანა ნაცვლიშვილის მეორე შეკითხვასაც გამოეხმაურა. კერძოდ, ნაცვლიშვილმა ჩხენკელს ია კერზაიას, ლუკა სირაძისა და დათუნა სარალიძის საქმეები შეახსენა.

ჩხენკელის განცხადებით, პროკურატურას გამოძიება დასრულებული აქვს, რაც შეეხება განათლების სამინისტროს, მინისტრმა საუბარი დაიწყო იმაზე, რომ გაუმჯობესებულია სკოლებში მანდატურის სამსახური.

„მკვეთრი ხარისხობრივი ნახტომი განხორციელდა მანდატურების ყოველდღიური მუშაობის მხრივ“, – განაცხადა ჩხენკელმა.