ნაცვლიშვილი: ბირთვულ კვლევებზე გვესაუბრებით, როცა სკოლების უმრავლესობის ტუალეტში წყალი არ არის

პუბლიკა

მინისტრის საათის ფორმატში მიხეილ ჩხენკელის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატებმა მინისტრს შეკითხვები დაუსვეს. ანა ნაცვლიშვილმა ჩხენკელს შეკითხვა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით დაუსვა.

„კითხვა მაქვს კონკრეტული – რა გააკეთეთ იმ სამი, ყველაზე მძიმე და რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება სკოლას. ეს არის ია კერზაიას, ლუკა სირაძისა და დათუნა სარალიძის საქმე. რა გაკვეთილები გამოიტანეთ ამ საქმეებიდან და რა გააკეთეთ, რომ მსგავსი უმძიმესი და ფატალური შედეგებით დასრულებული საქმეები აღარ იყოს. იმედია, ამ დარბაზში არ გაიმეორებთ, რომ სარალიძის მკვლელობა გარეთ მოხდა.“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე შეფასებით, ცინიკურია, როცა მინისტრის გამოსვლა რეალობას აცდენილი იყო.

„ძალიან ცინიკურად მოგექცათ საკუთარი გუნდი. თქვენს შემობრძანებამდე დარბაზში ძალიან მკაფიო გზავნილი გაიგზავნა აქედან, რომ განათლებას ამ ქვეყანაში აზრი არ აქვს.რამდენიმე წუთით ადრე თქვენმა გუნდმა მხარი დაუჭირა ყველაზე მაღალ თანამდებობებზე ადამიანებს, რომლებიც არც განათლებით და არც კვალიფიკაციით არ გამოირჩევიან.

ახლა რაც შეეხება თქვენს მოხსნებას – კარგია ჩიკაგოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობა და ბირთვულ კვლევებში ჩვენი ჩართულობა. მაგრამ აცდენილი ხომ არ არის თქვენი მოხსენება? ბირთვულ კვლევებსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის მიღწევებზე გვესაუბრებით, როცა თქვენ ხართ განათლების მინისტრი იმ ქვეყანაში, რომლის საჯარო სკოლების ძალიან დიდი ნაწილში ტუალეტში არ არის წყალი; ბავშვები სხედან მშივრები, იმ განათლების მინისტრი ხარ, სადაც ბევრი ბავშვი ძალადობისა და სოციალურად დაუცველობის გამო, იძულებულია, დატოვოს განათლების სისტემა.“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მოგვიანებით მინისტრმა ჩხენკელმა ანა ნაცვლიშვილს პასუხი გასცა. კერძოდ, მან განმარტა ,,ბირთვული კვლევების” მნიშვნელობა და არ უსაუბრია იმ ინფრასტრუქტურულ და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, რომლებიც ნაცვლიშვილმა ახსენა.

მეორე თემის საპასუხოდ მინისტრმა განაცხადა, რომ ეს საქმეები პროკურატურამ გამოიძია. ჩხენკელმა ისიც აღნიშნა, რომ სამინისტრომ მანდატურის სამსახურის მუშაობის ხარისხი გააუმჯობესა.