„ძლიერი საქართველო - ლელო“ მოითხოვს, რომ საფოსტო გზავნილებზე დაწესებული 300-ლარიანი განბაჟების ზღვარი 900 ლარამდე გაიზარდოს

პუბლიკა

„ძლიერი საქართველო – ლელო“ მოითხოვს, რომ საფოსტო გზავნილებზე დაწესებული 300-ლარიანი განბაჟების ზღვარი საქართველოს მოქალაქეებისთვის 900 ლარამდე გაიზარდოს.

ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ამჟამად არსებული 300-ლარიანი ზღვარი 2009 წელს არის დაწესებული. 2009 წელს ლარის გაცვლითი კურსის აშშ დოლართან მიმართებით იყო 1.66 ლარი, ახლა, 2026 წლის აგვისტოში გაცვლითი კურსი არის 2.62 ლარი.

„ლიმიტის 900 ლარამდე გაზრდა არის ჩვენი გუნდის მიერ დათვლილი იმისთვის, რომ არ მიადგეს დიდი ზიანი საქართველოს ბიუჯეტს, ხოლო საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც სარგებლობენ ონლაინშესყიდვებით, დიდი შვება ნახონ. მაგალითად, ჩვენ გამოვიკვლიეთ 900 ლარამდე ღირებულების 30 კგ-მდე საფოსტო გზავნილების მოცულობა და აქედან იმპორტის გადასახადი და დღგ ჯამში ბიუჯეტში არის 14 მილიონი ლარი.

14 მილიონი ლარით შემცირდება საბიუჯეტო შემოსავლები, მაგრამ საქართველოს ასობით ათასი მოქალაქე ნახავს უდიდეს შვებას. ეს არის შვება, როგორც ინდივიდუალურად ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც TEMU-დან, Amazon-დან ან სხვა დიდი საერთაშორისო პლატფორმებიდან იწერენ სხვადასხვა პროდუქციას, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბევრად უფრო იაფი არის ხოლმე, ვიდრე საქართველოში ადგილზე არსებული პროდუქტები, უდიდეს შვებას ნახავენ ისინი და უდიდეს შვებას ნახავს ასევე მცირე და საშუალო ბიზნესი, რომელიც სავაჭრო გადაყიდვით არის დაკავებული“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

დათუნაშვილი ამბობს, რომ  „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან „ეს იქნება ერთ-ერთი პირველი რეფორმა, რომელსაც აუცილებლად განახორციელებენ“.