ავტორი: ელიზავეტა ჩუჰაროვა
ძლიერმა ნალექმა ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთში კიდევ ერთხელ გამოიწვია წყალდიდობა, გზების დაზიანება და ელექტროენერგიის გათიშვა. ყველაზე რთული ვითარება დაღესტანში, ჩეჩნეთსა და ინგუშეთშია, სადაც, ხელისუფლების განცხადებით, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია და შეფერხდა სატრანსპორტო მიმოსვლა.
ჩრდილოეთ კავკასიაში, ადგილობრივი ხელისუფლებებისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურების ცნობით, წყალდიდობის ბოლო ტალღის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. ყველაზე მეტად კი დაღესტანი დაზარალდა.
ყარაჩაი-ჩერქეზეთის პრიკუბანსკის რაიონის სამი მცხოვრები ცდილობდა, მანქანით გადაეკვეთა ხიდი მდინარე ოვეჩკაზე. მდინარე ადიდებული იყო, ხიდი კი – დატბორილი. გზა მოვარდნილ ხიდს ჰქონდა დატბორილი. შედეგად მათი მანქანის ძრავა ჩაქრა.
„1982 წელს დაბადებული ადამიანი, სოფელ სვეტლოეს მცხოვრები, მანქანიდან გადმოვიდა, რა დროსაც ის დინებამ გაიტაცა. ნაპოვნია მისი ცხედარი“, – განაცხადეს სამართალდამცველებმა. მათივე განცხადებით, დანარჩენი 2 მგზავრი არ დაშავებულა.
ჩეჩნეთში, სოფელ აგიშთის სიახლოვეს, მას შემდეგ, რაც წყალი კაშხლიდან გადმოვიდა, 20-მდე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. ძლიერმა წვიმის გამო კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ჯალკა სოფელ მესკერ-იურტში, რის შედეგადაც დაიტბორა 45 საცხოვრებელი ნაკვეთი, მათ შორის რვა სახლი მთლიანად წყალში ჩაიძირა. შალის რაიონის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა და ისინი დროებით ნათესავებთან განათავსეს.
ჩეჩნეთში მოხდა ერთი ფატალური შემთხვევა. ითუმ-კალეს რაიონში მოსული ძლიერი წვიმების შემდეგ, სოფელ ტერტიდან ორ კილომეტრში მეწყერი ჩამოწვა. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე – დაშავდა. სამაშველო ოპერაცია ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, მეორე კი გარდაიცვალა.
დაღესტანში წყალდიდობამ დააზიანა გზები და ელექტროგადამცემი ხაზები, ხოლო ზოგიერთი დასახლება დროებით მოწყდა სატრანსპორტო კავშირებს.
ელექტროენერგია გაითიშა მაჰაჩყალასა და ხასავიურტში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დენის გარეშე 2 000-ზე მეტი ადამიანი დარჩა.
ამავდროულად, ინგუშეთში მეწყერმა რამდენიმე გზა ჩაკეტა, რის გამოც ყველაზე მოწყვლადი ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.
მთლიანობაში, ჩრდილოეთ კავკასიის დაბლობზე განთავსებულ რაიონებში წყალდიდობამ დააზიანა 46 საცხოვრებელი სახლი და 270-ზე მეტი საკარმიდამო ნაკვეთი. ასევე დაიტბორა გზები და ინფრასტრუქტურული ობიექტები.
უჩვეულოდ მძიმე წყალდიდობების სეზონი ჩრდილოეთ კავკასიაში მარტის ბოლოს დაიწყო. დაღესტანსა და ჩეჩნეთში ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წყალდიდობა მოხდა.
აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ კომუნალური და საგანგებო სამსახურები მაღალი მზადყოფნის რეჟიმში მოიყვანა. რაიონის ხელმძღვანელების განცხადებით, სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება, სპეციალიზებული სამსახურები წმენდენ დაზარალებულ ტერიტორიებს და აღადგენენ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას.
აღმოსავლეთ აფხაზეთში შტორმისგან ყველაზე სერიოზული ზიანი ტყვარჩელის რაიონს მიადგა, სადაც ერთი სოფელი რაიონულ ცენტრს მოწყდა. ამის შესახებ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა მას შემდეგ, რაც ბადრა გუნბამ დაზარალებული ტერიტორიები მოინახულა.
კაპიტალური მშენებლობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამშენებლო ბრიგადებმა უკვე დაიწყეს აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები – იქ დაიტბორა დაახლოებით 1 500 საკარმიდამო ნაკვეთი და დაზიანდა 150-მდე სახლი.
ჩრდილოეთ კავკასიისა და აფხაზეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, თუმცა მეტეოროლოგების პროგნოზით, ზოგიერთ ნაწილში არასტაბილური ამინდი კვლავ შენარჩუნდება.
26 მაისს საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ასევე გამოსცა საგანგებო გაფრთხილება მომდევნო სამი დღის განმავლობაში დაღესტანში ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესების შესახებ.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კითხვის გასაადვილებლად, აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღისა და სამხრეთ ოსეთის ინსტიტუტების ან პოლიტიკური პოზიციების განხილვისას OC Media არ იყენებს ისეთ განსაზღვრებებს, როგორებიცაა – „დე ფაქტო“, „არაღიარებული“ ან „ნაწილობრივ აღიარებული“. ეს არ გულისხმობს პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.