ძმებ ფეიქრიშვილებსა და დაცვის წევრს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

პუბლიკა

ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილებსა და დაცვის წევრს, ალექსანდრე ჩაფოძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

სასამართლომ დავით ფეიქრიშვილისა და ალექსანდრე ჩაფოძის საქმე ცალკე, ხოლო გიორგი ფეიქრიშვილის საქმე ცალკე განიხილა.

პროკურატურა დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას ედავება.

უწყების ცნობით, 2025 წლის 2 ოქტომბერს „შუქნიშანთან გაჩერების გამო, დავით ფეიქრიშვილმა ავტომობილით მოძრავ დაზარალებულს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოსთხოვა გზის გათავისუფლება, რის შემდეგაც დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკურად იძალადეს მასზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.“

დავით ფეიქრიშვილი ბრალდებას არ აღიარებს.

დათოს გარდა კიდევ არის ბრალდებული, რომელმაც დაადასტურა, რომ თავად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მაინტერესებს და მივმართავ პროკურატურას, გაასაჯაროოს, თუ არსებობს კადრი, სადაც ფეიქრიშვილი ვინმეს შეურაცხყოფას აყენებდა. დავითმა ბრძანა, რომ თავად მანქანაში იყო 6 წლის შვილთან ერთად და არ გადმოსულა მანქანიდან“, –  განაცხადა ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.

რაც შეეხება გიორგი ფეიქრიშვილს, მას უწყება დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ედავება.

საგამოძიებო უწყება წერს, რომ 17 სექტემბერს, „გიორგი ფეიქრიშვილმა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დაზარალებულს 47 000 აშშ დოლარის (122 580,70 ეკვივალენტი ლარში) გადაცემა მოსთხოვა, თითქოსდა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხიდან მისთვის წილის სახით, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.“ დაზარალებულია რატი გურგენაშვილი.

ბრალდებულების წარმომადგენლები აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შუამდგომლობდნენ. „რადიო თავისუფლებია“ ცნობით, გიორგი ფეიქრიშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ საქმეში მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ დევს.

გიორგი და დავით ფეიქრიშვილები 22 სექტემბერს დააკავეს.

მათი სახელი ბოლო წლებში არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებს. ძმები 2016 წელს, იარაღის უკანანო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის იყვნენ დაკავებულნი; მათი სახელი უკავშირდებოდა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, სოსო ჯოხაძის მკვლელობის საქმეს; 2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ იგეგმებოდა ფეიქრიშვილების აფეთქება, რისთვისაც 6 პირი დააკავეს. 2021 წელს ამავე საქმეზე დააკავეს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი. 2023 წელს დავით ფეიქრიშვილი ბრალდებული იყო კრიპტოვალუტის გადამცვლელ ოფისში ყაჩაღობის საქმეზე.