ეფექტიანია თუ არა ქუჩების დეზინფექცია კორონავირუსთან ბრძოლაში

მინდია გაბაძე

არაერთი საერთაშორისო მედია წერს იმის შესახებ, რომ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები კორონავირუსთან საბრძოლველად ქუჩებისა და გზების დეზინფექციას მიმართავენ და საამისოდ სპეციალურ ხსნარებს, საპნიან წყალსა თუ უბრალოდ წყლის ჭავლს იყენებენ.

ამ თემას სტატია დაუთმო The New York Times-მაც. მათი ინფორმაციით, აშშ-ის მინესოტის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების კვლევის ცენტრის დირექტორი, მაიკლ ოსტერჰოლმი აღნიშნავს, რომ „სამეცნიერო საფუძველი, რომ სადეზინფექციო ხსნარის შესხურება გამოიყენებოდეს მასშტაბური საზოგადოებრივი პროგრამებისთვის, საერთოდ არ არსებობს“, – მისივე თქმით, ეს არის რესურსების გაფლანგვის საშუალება.

„მე პირადად გამიკვირდებოდა, რომ გარე სივრცის დეზინფექციას რაიმე გავლენა ჰქონდეს ვირუსის გავრცელებაზე. ეს უფრო ინტუიციური მგონია, ვიდრე მეცნიერული შეხედულებებით დასაბუთებული“, – ეს უკვე ამავე სტატიაში ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგის მაკ ლიფსიჩის მოსაზრებაა. მისი განმარტებით, იმის გამო, რომ საკითხი, ჯერჯერობით, არ არის შესწავლილი, რთული იქნება მსგავსი ნაბიჯების ეფექტიანობის დადგენა.

ნებრასკის სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ასოცირებული პროფესორი, ჯოშუა სანტარპია, სადეზინფექციო საშუალებების ფართო გამოყენებას ქუჩებში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მისი თქმით, „გარეთ ამის გაკეთება უსარგებლოა“. როგორც პროფესორი სანტარპია განმარტავს, ბოლო კვლევების თანახმად, ბევრ ზედაპირზე შესაძლოა ვირუსმა  რამდენიმე დღეც ვერ გაძლოს.

მისივე თქმით, ისიც კი ბუნდოვანია, ვირუსის კონცენტრაცია ზედაპირიდან დაავადების გადასაცემად რამდენად მაღალია. თეორიულად, ერთი კვირის განმავლობაში ადგილის მიტოვებაც კი საკმარისი იქნება დეზინფექციისთვის, მაგრამ დოქტორ სანტარპიას თქმით, ადამიანების უმეტესობას დამატებითი გარანტიები სურს, რომ გარემო ნამდვილად დასუფთავებულია.

კიდევ ერთი ამერიკული გამოცემა Business Insider წერს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების აზრით, სანიტაიზერით ქუჩის გაწმენდა, სავარაუდოდ, არაეფექტიანია, რადგან ადამიანები ქუჩას ხშირად არ ეხებიან.

ეპიდემიოლოგმა სასკია პოპესკუმ „ინსაიდერს“  განუცხადა, რომ „ეს არის ორგანიზმი, რომელიც, ძირითადად, ვრცელდება რესპირატორული წვეთებით“. პოპესკუს თქმით, სადეზინფექციო საშუალებების ფართო გამოყენება „ცოტა ზედმეტია“.

Business Insider-ის ინფორმაციით, ქუჩების დეზინფექციას ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, ირანში, ერაყში, რუსეთში, ნიგერიასა და სხვა ქვეყნებშიც მიმართავენ.

Reuters წერს, რომ დეზინფექციის „შთამბეჭდავი“ კადრები, სხვადასხვა დაავადებაზე მომუშავე ექსპერტებმა გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ მასობრივი დეზინფექცია დროისა და რესურსების ხარჯვასთან ერთად, ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა. Reuters წერს, რომ ინდონეზიის ქალაქ სურაბაიასში სადეზინფექციო ხსნარებს ქუჩაში პირდაპირ დრონებიდან ასხურებენ.

„ამ სასაცილო სურათს ბევრ ქვეყანაში ვხედავთ“, – აღნიშნავს „Reuters-თან” საუბრისას დეილ ფიშერმი, რომელიც სინგაპურში ინფექციური დაავადებების ექსპერტია. მისი თქმით, ვირუსი გარემოში დიდხანს არ ცოცხლობს და ადამიანები მიწის ზედაპირს საერთოდაც არ ეხებიან. ფიშერი განმარტავს, რომ მასობრივი დეზინფექცია შეიძლება ტოქსიკურიც კი იყოს ადამიანებისთვის.

სინგაპურის „მაუნთ ელიზაბეტის“ საავადმყოფოს ინფექციური დაავადებების ექსპერტი ლეონგ ჰო ნამი ამბობს, რომ მასობრივი დეზინფექციები თვალისმომჭრელია, თუმცა ვირუსებთან ბრძოლაში – არაეფექტიანი. „უკეთესი ეფექტი ექნებოდა ხალხის გასაფანტადავად წყლის ჭავლის გამოყენებას, რომ ადამიანებისთვის სახლში წასვლა ეიძულებინათ“, – თქვა მან.

რის საფუძველზე რეცხავს თბილისის მერია ქუჩებს?

„პუბლიკა“ დაუკავშირდა თბილისის მერიას და სცადა, გაერკვია, თუ რის საფუძველზე გადაწყვიტა მერიამ სადეზინფექციო საშუალებებით ქუჩების მორეცხვა. თბილისის მერს, კახა კალაძესაც  აღუნიშნავს, რომ „ამ მტერთან ბრძოლაში პრევენციული სახის ღონისძიებების გატარება მნიშვნელოვანი კომპონენტია“. მერიაში გვპასუხობენ:

„ჩვენ ვაწარმოებთ მასშტაბურ მორეცხვას დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, ხალხმრავალ ადგილებში. გაჩერებებისა და მეტროს ამოსასვლელების დეზინფიცირება მანამდე მიმდინარეობდა, ვიდრე მოძრაობა იყო დაშვებული. ახლა მიდის ცენტრალური გამზირების დამუშავება. ყველა ეს საშუალება, რაც გამოიყენება, რეკომენდებულია სპეციალისტების მიერ“, – აცხადებენ, „პუბლიკასთან“ საუბრისას, მერიაში.

შეკითხვაზე, კონკრეტულად, რის საფუძველზე მიმართავს თბილისის მერია სადეზინფექციო სამუშაოებს, ვინაიდან არაერთი ექსპერტი წერს, რომ ქუჩების დეზინფექცია არაეფექტიანია, მერია გვპასუხობს:

„ის, რომ ეს სამუშაოები არის ძალიან კარგი და მოსახლეობისთვის ძალიან მისაღები, მგონი ყველანი ვთანხმდებით. თბილისი არ მორეცხილა საუკუნეებია, მგონი. ირეცხება მასშტაბურად. გამოიყენება სადეზინფექციო ხსნარები და დანარჩენი, როგორ გითხრათ, ეგეთი სკეპტიკოსები ყოველთვის იქნებიან და ყველაფერზე იძახიან, რომ არ აქვს არანაირი ეფექტი. ასე რომ, ჯობია, მიმართოთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ჯანდაცვის ორგანიზაციას, რომლებიც უფრო ზუსტად გეტყვიან, აქვს თუ არა ამას რაიმე ეფექტი”.

შეკითხვაზე, თუ რა უჯდება მერიას ქუჩების დეზინფექცია, უწყებაში აცხადებენ, რომ „არანაირ ხარჯზე აქ საუბარი არ არის“.

„ეს ხორციელდება ჩვენი ძალებით. თბილსერვის ჯგუფი ატარებს ამ სამუშაოებს. ამაში არანაირი თანხა არ იხარჯება და ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. რაც შეეხება ხსნარებს, ხსნარები, საბედნიეროდ, გვაქვს საკმაოდ დიდი რაოდენობით, როგორც შემოწირულობის სახით (ბევრმა ბიზნესმა შემოიტანა და მოგვცა), ასევე, თავის დროზე ჩვენც შევისყიდეთ და ამის პრობლემა არ გვაქვს“.

ამავე კითხვებზე დაავადებათა კონტროლის ცენტრში არ გვიპასუხეს  და ისევ მერიაში გადაგვამისამართეს.

„პუბლიკა“ ასევე დაუკავშირდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ექიმ-ინფექციონისტს, მაია ბუწაშვილს, რომელმაც გვითხრა, რომ ქუჩების დეზინფიცირებას კორონავირუსისთვის გადამწყვეტი ეპიდემიოლოგიური ღირებულება არ ააქვს.

„ქუჩების დეზინფექცია მხოლოდ საქართველოში არ ხდება. როგორც ვიცით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიმართავენ. თავისთავად, ეს ერთ-ერთი ჰიგიენური ღონისძიებაა და ძალიან კარგია, ზოგადად, როგორც დასუფთავების აქცია, თუმცა ინფექციის კონტროლის კუთხით დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს, ვინაიდან ძნელად წარმოსადგენია, რომ ვირუსი ასე ქუჩაში, ასფალტზე ქმნიდეს რისკს ადამიანებისთვისა და გარშემომყოფებისთვის. მით უმეტეს ვიცით, რომ ჰაერზე, გარეთ ზედაპირებზე ის ძალიან დიდხანს მაინც ვერ ძლებს. შესაბამისად, ნაკლები ეპიდემიოლოგიური ღირებულება აქვს, თავისთავად, ქუჩების დეზინფექციას“, – აღნიშნავს ბუწაშვილი.

მისივე განმარტებით, ამგვარი მიდგომა მიზანშეწონილია, ზოგადად, ჰიგიენის დაცვისა და დასუფთავების მიზნებისთვის.

„ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარტო COVID-19 არ არის პრობლემა და ბევრი სხვა ინფექციური დაავადებისთვის შეიძლება, გარკვეულწილად, წარმოადგენდეს პრევენციულ ღონისძიებას, მაგალითად – ბაქტერიული ინფექციებისთვის, მაგრამ ამ კონკრეტული ვირუსისთვის გადამწყვეტი ეპიდემიოლოგიური ღირებულება ამ ღონისძიებას არ აქვს“, – ამბობს მაია ბუწაშვილი.