ეკონომიკის სამინისტრო მალე წარადგენს კანონპროექტს, რომ სურსათის ფასები გადავაზღვიოთ - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა სურსათის ფასების შესამცირებლად მუშაობას აგრძელებს და ამ კუთხით, ეკონომიკის სამინისტრო ძალიან პარლამენტში კანონპროექტის შეტანასაც გეგმავს.

„60-70-80%-ით შევამცირეთ ფასები მედიკამენტებზე, შემოვიღეთ ასევე რეფერენტული ფასები და ჯამურად 200 მილიონი ლარის ეკონომია ნახა ჩვენმა ხალხმა შარშან. ასევე ჩვენ დავიწყეთ, კარგად მოგეხსენებათ, მუშაობა იმპორტიორებთან, საწვავის ფასების შემცირების თაობაზე, გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები და საწვავის ფასებიც შემცირებულია. ამანაც, რა თქმა უნდა, შეასრულა თავისი როლი და მესამე მიმართულება, ეს არის სურსათის ფასები, რაც რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს აწუხებს.

ამ მიმართულებითაც ჩვენ გვქონდა წარმატებული მოლაპარაკებები, პირველი ეტაპის. ახლა უკვე ეკონომიკის სამინისტრო ძალიან მალე წარმოადგენს კანონპროექტს, აქედანაც გადავაზღვევთ, ამ კანონის მიღებითაც გადავაზღვევთ, რომ სამართლიანი წესები არსებობდეს ბაზარზე და ეს ყველაფერი ჯამში აისახა შემცირებულ ინფლაციაზე. 5.3% გვაქვს დღეს ინფლაცია, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან სასიხარულო“, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.


ირაკლი ღარიბაშვილი სურსათზე ფასების რეგულირების შესახებ თებერვალშიც საუბრობდა. ღარიბაშვილის თქმით, სურსათისა და საწვავის ფასის შესახებ არაერთი შეხვედრა გაიმართა იმპორტიორებსა და დიდი ქსელების წარმომადგენელთან. მისივე თქმით, პროდუქტზე ფასნამატი 70-80%-ია, გარკვეულ შემთხვევებში კი 100%-ით იყო გაზრდილი.

ღარიბაშვილს მაშინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრემიერის ინიციატივას პარლამენტში მხარდაჭერა ექნებოდა.

„იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი დასრულდება საბოლოო ჯამში ფასების შემცირებით როგორც საწვავზე, ასევე პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. ამის რესურსი არსებობს. პარლამენტისგან რაც იქნება საჭირო, ყველაფერს გავაკეთებთ”, – ასე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე პრემიერის ინიციატივას.