„პარლამენტისგან რაც იქნება საჭირო, ყველაფერს გავაკეთებთ" - კობახიძე სურსათის ფასებზე

პუბლიკა

„იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი დასრულდება საბოლოო ჯამში ფასების შემცირებით როგორც საწვავზე, ასევე პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. ამის რესურსი არსებობს. პარლამენტისგან რაც იქნება საჭირო, ყველაფერს გავაკეთებთ”, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერის ინიციატივას საწვავისა და სურსათის ფასების წარმოების შესწავლასთან დაკავშირებით.

„მთავარი, რაც აწუხებს დღეს საზოგადოებას, არის ფასები, სერიოზული ინფლაციაა, შარშან იყო თითქმის 10% ინფლაცია, რა თქმა უნდა უნდა, ეს დასტაბილურდება, ამის პროგნოზი უკვე არსებობს, ინფლაციის მაჩვენებლები ზაფხულში იქნება უკვე დასტაბილურებული, მაგრამ დამატებით ინიციატივები ამ კუთხით აუცილებელია”, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, პირველ ყოვლისა შესასწავლია, რის გაკეთა შეიძლება ფასების დასტაბილურებისა და დაბალანსებული გადაწყვეტილების მისაღებად. როგორც მან აღნიშნა, პროცესში აუცილებლად გასათვალისწინებელია ბიზნესის ინტერესებიც.

„იმპორტიორ კომპანიებს აქვს მოგების დიდი მარჟები. არ ვიცი, რა გადაწყვეტა შეიძლება არსებობდეს. პირველ რიგში კონსულტაციები უნდა გაიმართოს კომპანიებთან, რა თქმა უნდა, ბიზნესინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, თუმცა პირველ რიგში ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფართო საზოგადოების ინტერესები. ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით.

როდესაც საუბარია იმაზე, რომ მოსახლეობას პროდუქტზე უნდა შეუმცირდეს ფასები და ასევე, მოგების მარჟაც შემცირდეს, რა თქმა უნდა, ეს კომპანიებს მოგებას უმცირებს. აქ დასაბალანსებელი გადაწყვეტილებაა მისაღები… მაგალითად, შეიძლება ცოტა მოიკლოს კომპანიამ იმისთვის, რომ მოსახლეობას შეუმცირდეს ფასები საწვავზე, ან სხვა პროდუქტზე. ეს არის დაბალანსებული გადაწყვეტილება, რაც მისაღებია”, – განაცხადა კობახიძემ.